ბლინკენი ზელენსკის კიევში: სამხედრო დახმარება გზაშია

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც უკრაინაში დღეს, დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ სამხედრო დახმარება "ახლა გზაშია."

ამერიკელი დიპლომატი უკრაინის პრეზიდენტს არწმუნებს, რომ იარაღი "რეალურ ცვლილებას შეიტანს" ბრძოლის ველზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თავის მხრივ, ზელენსკიმ ამერიკელ დიპლომატს განუცხადა, რომ ხარკოვისა და რეგიონის დასაცავად Patriot-ის კიდევ ორი საზენიტო სარაკეტო სისტემაა საჭირო.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ახალი დახმარების დამტკიცებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ის რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე, რადგან, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საშუალებები თავდაცვის ძალებისთვის „ყველაზე დიდ დეფიციტს წარმოადგენს.“

„ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ორი Patriot-ი ხარკოვისთვის და ხარკოვის ოლქისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ხარკოვში მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები რუსეთის მხრიდან მუდმივი სარაკეტო თავდასხმების ქვეშ იმყოფებიან.


„რა თქმა უნდა, მინდა, განვიხილო უსაფრთხოების გარანტიები, როგორ მუშაობენ ჩვენი გუნდები მასზე და სამშვიდობო სამიტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ შეერთებული შტატების მონაწილეობა, ჩვენ ასევე გვჭირდება დახმარება პრეზიდენტ ბაიდენისგან და თქვენგან, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ სამშვიდობო სამიტზე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


აშშ-ის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამერიკის მიერ დაფინანსებული დახმარება, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზე მიდის, მოიცავს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას და ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ მართვად რაკეტებს. ეს ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც ქვეყანა ცდილობს, შეაჩეროს რუსეთის მთავარი შეტევა უკრაინის მეორე უდიდეს ქალაქ ხარკოვის მახლობლად -  ხარკოვის რეგიონში ტრანსსასაზღვრო შეტევა არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო შეტევა ომის დაწყების შემდეგ.