დასავლეთის მიერ სანქცირებული მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი აცხადებს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

მოლდოველმა ოლიგარქმა ილან შორმა განაცხადა, რომ მან ცოტა ხნის წინ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.

„საბუთები წარვადგინე. ასე რომ, დღეს მეც ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე,“ - განაცხადა შორმა.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ არ დათმობს ისრაელის პასპორტს.


„ისრაელი ჩემი სამშობლოა, მე იქ დავიბადე," - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მანამდე მოლდოვაში პოლიტიკური პარტია Shor-ი არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.

ილან შორს დასავლეთი და მოლდოვის მთავრობა ადანაშაულებენ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

პრორუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქს მოლდოვის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 13 აპრილს, დაუსწრებლად მიუსაჯა.

მან მოლდოვა 2019 წლის ივნისში დატოვა.

შორი და მისი ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან 2022 წლის ოქტომბრიდან. აშშ-ის შეფასებით, შორი დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში არჩევნებში ჩარევასთან.


მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ შორი და მისი პოლიტიკური ფრაქცია ასევე აფინანსებენ ბევრ ანტისამთავრობო პროტესტს პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა გასული წლის თებერვლის ბოლოს განუცხადა TV8-ს, რომ ხელისუფლებამ იცის რამდენიმე მიმდინარე რუსული სცენარი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მათ შორის კიშინიოვის აეროპორტის კონტროლის გეგმის შესახებ.

ცნობისთვის, შორის 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული.

2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა - შორს სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა.


გასულ თვეში მოლდოვის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი პირებისთვის მოლდოვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიცირების შესაძლებლობას. პროექტი ითვალისწინებს, რომ ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურს შეეძლება, განიხილოს მოლდოვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომლებიც ექვემდებარებიან საერთაშორისო სანქციებს და გარემოებიდან გამომდინარე დაიწყოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა.