ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ მუშაობა სატესტო რეჟიმში განაახლა

20 მაისს აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატვირთო მატარებლის გაშვების შესახებ განაცხადა, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაო სრულდება. როგორც ადრე იტყობინებოდნენ, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.


საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამშენებლო სამუშაო ქართულ მონაკვეთზე გრძელდება.

„ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, დღის პირველ ნახევარში სამშენებლო სამუშაო გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი, სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ,” - განმარტეს სამინისტროში.


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა.


სარკინიგზო ხაზი აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ.

საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა.