საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის კრისტიან დანიელსონის დანიშვნას ოპოზიცია გამოეხმაურა.
ოპოზიციის აზრით, დანიელსონის დანიშვნა საქართველოსადმი ევროკავშირის მხარდაჭერას ადასტურებს. ამავე დროს, თვლიან, რომ ამ ნაბიჯით ევროკავშირი ცდილობს განმუხტოს ქვეყანაში არსებული კრიზისი.
„ის ფაქტი, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის არსებობის მიუხედავად, სპეციალურად გზავნიან ადამიანს ამ დიალოგში ჩასართავად, ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი“, - აცხადებს „ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე.
„ესაა სერიოზული ინტერესი საქართველოს მეგობრებისთვის, თავისუფალი სამყაროსთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
„ბატონი დანიელსონის ჩამოსვლა სპეციალურ წარმომადგენლად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი სრულად არის მოწოდებული, რომ მედიაციის პროცესმა გამოიღოს შედეგი, ჩვენ მივესალმებით ამ გამოცდილი დიპლომატის დანიშვნას“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი.
შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენელი დანიშნა.