რუსეთმა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაუარესების ფონზე, სომხეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
„24 მაისს რუსეთის ფედერაციის ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი კოპირკინი დაიბარეს მოსკოვში კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოკლე განცხადებაში.
ერევანს საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
მანამდე, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ სომხეთი არ შეიტანს ფინანსურ წვლილს CSTO-ს 2024 წლის ბიუჯეტში, რომელიც გასული წლის ნოემბერში მიიღეს. CSTO, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, მოიცავს რუსეთს, სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა სტაბილურად ამყარებს კავშირებს დასავლეთთან, ხოლო რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. ფაშინიანი ცდილობდა უსაფრთხოების კავშირების დამყარებას სხვა ქვეყნებთან, როგორიცაა, საფრანგეთი, აშშ და ინდოეთი. ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთი კიდევ უფრო ცდილობდა რუსეთისგან დისტანცირებას და არაერთხელ მოიხსენიებდა მოსკოვს არასანდო პარტნიორად.
ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.
უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.
-
ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ დაესწრო პუტინის ინაუგურაციას
-
ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი
-
სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი