ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საპასუხო ზომები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილეს, სიტყვით რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა. განიხილავდნენ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის შესაძლო საპასუხო ზომებს.


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ეს კანონი არღვევს საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემულ სამ დათქმას და არ შეესაბამება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. მან პირობა დადო, რომ ამ საკითხზე საჯაროდაც განაცხადებს.


კოპენჰაგენის კრიტერიუმები:
პოლიტიკური - „იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას”.
ეკონომიკური - „ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს კონკურენციის წნეხსა და საბაზრო ძალებს ევროკავშირის შიგნით”.
წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან გამკლავების უნარი - „მათ შორის იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკის გატარება, რომელთაგანაც შედგება ევროპული კანონმდებლობა”.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ასევე შედგეს მთავრობათაშორისი კონფერენცია (Intergovernmental conferences IGC), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას.


ამასთან, დისკუსია იყო ხანმოკლე, გასტანა დაახლოებით 20 წუთს და მასში მონაწილეობდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, შვედეთის უნგრეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.


მანამდე, ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნამ ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას, მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს.“


„ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვიყავით საქართველოში და ვითარება ნამდვილად, ნამდვილად შემაშფოთებელია. ერთი საკითხია „უცხოური აგენტების“ კანონი, მაგრამ საქმეა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას შორდება და მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს. ასე რომ, ჩვენ დღეს ასევე დავაყენებთ საქართველოს საკითხს, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, მკაფიო უნდა იყოს პასუხთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას შეღავათები, ეს ეხება უვიზო მიმოსვლას, ნებისმიერი სახის მხარდაჭერას, ასევე, კანდიდატი ქვეყნის ოფიციალურ სტატუსს. ასე რომ, განვიხილავთ საქართველოსთან დაკავშირებულ სიტუაციასაც, რადგან ქართველს ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს მთავრობაც ამას დაპირდა არამხოლოდ ხალხს, არამედ, ევროკავშირსაც. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ გზის მიმართ ნაჩუქარი არ არის, რადგან საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს შეთანხმებული გზის ცხრა პირობა,“ - აღნიშნავდა მარგუს ცაჰკნა.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ახლა ისე უნდა განაგრძოს სვლა, როგორც ეს ევროკავშირთან და ქართველ ხალხთან შეათანხმა.

„პირველ რიგში, რაც გვინდა, არის ის, რომ გვსურს, კომისიისგან მივიღოთ ცხრა ნაბიჯის შესახებ მიმოხილვა, ასევე, რეაქციების მომზადება. ვგულისხმობ როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ასევე პერსონალურ სანქციებს, თუ ეს შესაძლებელია, ასევე ვიზების რეჟიმის შესაძლო შეჩერებისა და გადახედვის შესახებ. ასე რომ, იმიტომ, რომ ყველაფერი მიეცა საქართველოს მთავრობას, ის ნაჩუქარი არ არის, საქართველოს ხელისუფლებამ ახლა ისე უნდა განაგრძოს სვლა, როგორც ეს ევროკავშირთან და ქართველ ხალხთან შეათანხმა,“ - ამბობდა ესტონელი დიპლომატი.


მისმა ლიეტუველმა კოლეგამ თავის მხრივ, არ გამორიცხა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.


„საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება, გამოვიდეს დღევანდელ შეხვედრაზე, არის ის, რომ იქნება განახლება, საჯარო განახლება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონის საბოლოო ვერსია მიიღება, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას,“ - ასეთი იყო გაბრიელიუს ლანდსბერგისის პოზიცია.


კითხვას, რას ნიშნავს ეს, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა:

„იქნება გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს პირობით და ეს პირობები არ შესრულდა, ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არის,“ - აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. შეიძლება თუ არა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს, მან ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „პოლიტიკურად კი, ეს პოლიტიკური კონცეფციაა. ასე რომ, შეიძლება, შეჩერდეს.”


უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ასევე მიუღებელია შვედეთისთვისაც, რადგან ის „ასახავს კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში, რომელიც რეალურად მოდელია.“ ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.


„შვედეთის მთავრობის პოზიცია ნათელია. საქართველოში არსებული ვითარება ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ კანონის მიღება, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებსაც უცხოური აგენტების იარლიყს აკრავენ. ეს მიუღებელია, რადგან ის ასახავს კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში. ის რეალურად მოდელია. მიუღებელი იქნება თუ მიიღებენ. ეს უნდა იყოს მკაფიო გზავნილი ევროკავშირიდან როგორც საბჭოდან, ასევე კომისიიდან, რომ თუკი კანონს მიიღებენ, ეს ურთიერთობებში ცვლილებას ნიშნავს,“ - აღნიშნა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა სურს.

„ისინი არ არიან ამ კანონპროექტის მომხრე, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში გამოჩნდა. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველი ხალხის მხარეს,“ - აღნიშნა ტობიას ბილსტრომმა.


რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმინიცა ოდობესკუმ ამავე შეხვედრის წინ, მედიას განუცხადა, რომ უცხოური გავლენის კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს. მისი შეფსებით, საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და თავის ევროპულ დღის წესრიგთან თანმიმდევრული. „რუმინეთი სრულად უჭერს მხარს ქართველო ხალხის ევროპულ მისწრაფებას,“ - აღნიშნა რუმინელმა დიპლომატმა.


ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ დღეს საქართველოს შესახებ მოკლე დისკუსია გაიმართა. მისივე ინფორმაციით, კომისია ადასტურებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი არღვევს 9-დან 3 რეკომენდაციას და ისინი მოამზადებენ ივნისის მომდევნო შეხვედრის წინ, ოფციების შემცველ დოკუმენტს მოამზადებენ. ამასთან, „ყველა ვარიანტი  მაგიდაზე რჩება.“