არასამთავრობო ორგანიზაციები: „რუსულ კანონს არ დავემორჩილებით“

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ამბობენ, რომ კანონი ფარატინა ქაღალდად დარჩება.

მათი შეფასებით, “55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხალხისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიცირა რუსული კანონი.“

„მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა. ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს და დაიცავს საკუთარ ევროპულ მომავალს და არასოდეს შეეგუება რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრებას. რუსული კანონი ჩვენ ქვეყანაში არ იმუშავებს! ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დავემორჩილებით!

ხელისუფლებამ გაცნობიერებულად შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას. ეს გააკეთეს განზრახ, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარება აღარ შეგვძლებოდა. მაგრამ ჩვენ 55 დღეა ვამტკიცებთ, რომ ქვეყნის სიყვარულში ხალხი არ იღლება. ჩვენი პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება ამ კანონის გაუქმებამდე!


მათ სცადეს ჩვენი დაშინება სპეცრაზმით, ცემითა და გინებით, დაკავებებით და უკანონო ჯარიმებით, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ არაფერს შეუძლია ჩვენი შეჩერება იმ მართალ საქმეში, რასაც ხალხის დახმარება ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს - ჩვენ დავეხმარებით ხალხს და ერთმანეთს და არ დავემორჩილებით რუსულ კანონს!

ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს, ჩვენ დავიცავთ ყველა დაკავებულს და ყველა დაჯარიმებულს. ჩვენი იურისტები იბრძოლებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ შევაგროვებთ ფულს, რომ ერთმანეთს გადავუხადოთ ჯარიმები, რაც საქართველოს სიყვარულისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის დაგვაკისრეს.


ჩვენს ბრძოლას ხედავს და მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული მსოფლიო. რუსული კანონის მიღებით საფრთხე ექმნება არჩევნებზე დაკვირვებას, მაგრამ ჩვენ, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები გპირდებით, რომ დავიცავთ არჩევნებს და თითოეული მოქალაქის ხმას. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ყველა საარჩევნო უბანში და დავაკვირდებით, რომ დავიცვათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!

ეს საქართველოა! ჩვენ არ გავრუსდებით! ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ და არა ერთხელ აღაფრთოვანებს მთელ მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლით.

ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას - არა რუსულ კანონს! კი ევროპას,“ - წერია განცხადებაში.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.

18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.

24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“
27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.