ბაქო-თბილისი-ყარსის საშუალებით, ყოველწლიურად, 60 ათასი ტონა სპილენძის ტრანსპორტირება იგეგმება

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი წელიწადში 60 000 ტონა სპილენძს გადაიტანს. ამის შესახებ მედიას აზერბაიჯანის რკინიგზის CJSC-ის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განუცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.


„ჩვენმა ზოგიერთმა მომხმარებელმა მაშინვე მოგვმართა სარკინიგზო ხაზის 184-კილომეტრიანი ქართული ნაწილის სარემონტო, რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ. ტვირთების გადაზიდვა BTK-ით 2024 წლის 20 მაისს განახლდა. ამ დღეს 20 კონტეინერისგან შემდგარი პირველი სატვირთო მატარებელი აბშერონ ლოგისტიკური ცენტრიდან საქართველოში გადავიდა.


20 მაისს აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატვირთო მატარებლის გაშვების შესახებ განაცხადა, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაო სრულდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ სამშენებლო სამუშაო ქართულ მონაკვეთზე გრძელდება.


„ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, დღის პირველ ნახევარში სამშენებლო სამუშაო გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი, სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ,” - განმარტეს სამინისტროში.


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა.


BTK ამოქმედდა 2017 წლის 30 ოქტომბერს. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. სარკინიგზო ხაზის ქართული ნაწილის შეკეთების შედეგად, იგეგმება ტვირთის გადაზიდვის გაზრდა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე, რითაც სარკინიგზო ხაზი გახდება შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილი.


რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა.