დანია რუსული ნავთობის გადამზიდავი „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეზღუდვას ცდილობს

დანია იკვლევს გზებს, რათა ტანკერების ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელსაც რუსული ნავთობი ბალტიის ზღვით გადააქვს, შეზღუდოს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. იტყობინება Reuters-ი.

„ჩრდილოვანი ფლოტი“- ეს არის სქემა, რომლის დროსაც, ტანკერები ოფიციალურად იმ ქვეყნების დროშების ქვეშ დაცურავენ, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, თუმცა რეალურად რუსული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენენ. Bloomberg-ის ცნობით, 2023 წელს ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის თითქმის სრული რაოდენობა დადგენილ ზედა ზღვარზე მაღალ ფასად იყიდებოდა.


რუსეთი თავისი საზღვაო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით მესამედს - გლობალური მიწოდების 1,5%-ს დანიის სრუტეებით აგზავნის. ეს არის კარიბჭე ბალტიის ზღვაში, ამიტომ, მიწოდების შეჩერების ნებისმიერმა მცდელობამ შეიძლება, ნავთობის ფასი გაზარდოს და კრემლის ფინანსები დააზარალოს.


მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო, დასავლურმა ქვეყნებმა დააწესეს ფასის ლიმიტი რუსეთის ნავთობზე, რუსეთი ეყრდნობოდა ხშირად მოძველებულ ტანკერებს, რომლებიც დაზღვეულია დასავლეთის გარეთ. „დანიამ მოკავშირე ქვეყნების ჯგუფი შეკრიბა, რათა შეაფასოს ზომები, რომლებიც სამიზნედ აქცევს ამ ფლოტს,“ განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა Reuters-ს, თუმცა რა ზომებს განიხილავენ, მან ამ ეტაპზე არ ისაუბრა.


"არსებობს ფართო კონსენსუსი, რომ ჩრდილოვანი ფლოტი საერთაშორისო პრობლემაა და საერთაშორისო გადაწყვეტილებებია საჭირო," - აღნიშნა ლოკე რასმუსენმა. ”მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ახალი ღონისძიება შეიძლება, განხორციელდეს პრაქტიკაში და რომ ისინი იურიდიულად გამართლებული იყოს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით,” - განმარტა დანიელმა მინისტრმა. რასმუსენის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან ბალტიის ზღვის სხვა ქვეყნები და ევროკავშირის წევრები.


„სრუტეების გავლით გემებზე შეზღუდვების დაწესება მიუღებელია,“ განუცხადა თავის მხრივ, Reuters-ს რუსეთის ელჩმა დანიაში ვლადიმერ ბარბინმა. „ბალტიის ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს საფრთხეს წარმოადგენს არა რუსული ნავთობის ტანკერები, არამედ, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები,“ - ამტკიცებს ბარბინი. 

დანია შეშფოთებულია, რომ ძველი ტანკერები, რომლებიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენენ მისი სრუტეებით, გარემოსთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ.


დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ.


რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.