უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ კიევი რუსეთთან პირდაპირ კონტაქტებს არ ესწრაფვის, მაგრამ მისი მონაწილეობა მშვიდობის მომდევნო სამიტში შესაძლებელია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფორმატით.
უკრაინული მედიის ცნობით, კულებამ ეს ტელემარათონის ეთერში განაცხადა. ვინ შეიძლება, წარმოადგენდეს რუსეთს სამიტზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხსენებულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ არის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ მოლაპარაკების „ძალიან წარმატებული გამოცდილება“, როცა უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებდა თურქეთსა და გაეროსთან, ხოლო გაერო და თურქეთი - რუსეთთან.
„და შეთანხმება გამოიყურებოდა როგორც დოკუმენტი, რომელიც გაფორმდა თურქეთს, გაეროსა და უკრაინას შორის და ასევე თურქეთს, გაეროსა და რუსეთს შორის და ასე შედგა შეთანხმება,“ - აღნიშნა კულებამ. მანვე განაცხადა, რომ კიევს დიდად არ სურს რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი, თუ გავითვალისწინებთ მის დანაშაულს და მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს, მოსპოს უკრაინის სახელმწიფო.
შვეიცარიამ, სადაც მშვიდობის სამიტი გაიმართა, განაცხადა, რომ სამიტის შედეგებს განიხილავს რუსეთთან, ასევე ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შეხვედრაში. შვეიცარიამ ამასთან გაიმეორა, რომ რუსეთის მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში საკვანძოა. მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი კომუნიკე გამოაქვეყნეს მშვიდობის საფუძვლების შესახებ.
უკრაინის მიერ ინიციირებული „მშვიდობის სამიტის“ შემაჯამებელი კომუნიკედან ხელმოწერა კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიწვია.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ სამიტის მასპინძელი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ, 17 ივნისს განახლებულ სიაზე დაყრდნობით წერს, რომ მასში აღარ არის რუანდა. ერთი დღით ადრე, როცა ცნობილი გახდა, რომ ხელმოწერები ერაყმა და იორდანიამ გაიწვიეს, რუანდა სიაში იყო. ამასთან, ხელმომწერთა სიას 17 ივნისს დაემატა მსოფლიო საპატრიარქო.