ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) პროექტზე კონფერენცია ლონდონში, 11 ივნისს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი კასპიის პოლიტიკის ცენტრი (CPC) იყო.
„შუა დერეფნის პოტენციური კომერციული და სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, რეგიონის ქვეყნებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უნდა იყოს ეფექტიანი, მდგრადი და განვითარების თვალსაზრისით გამართლებული. ეს კონფერენცია შეისწავლის დერეფნის გასწვრივ ბიზნესის კოორდინაციის, პრიორიტეტებისა და ეფექტურად წარმართვის გზებს,“ - წერდა CPC ღონისძიების შესახებ.
კონფერენცია დიდ ბრიტანეთში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და თურქეთის ელჩების მონაწილეობით გაიმართა.
ღონისძიება CPC-ს პრეზიდენტის ეფგან ნიფტის მისასალმებელი სიტყვებით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ „კასპიის რეგიონი არის ფარული ძვირფასი ქვა, რომელიც სავსეა პოტენციალით, განსაკუთრებით, საერთაშორისო ვაჭრობისთვის.“
„სწორედ აქ ჩნდება შუა დერეფანი, როგორც „თამაშის შემცვლელი.“ მარშრუტების ეს ქსელი ხელახლა განსაზღვრავს კავშირს, გვთავაზობს უფრო სწრაფ და ეფექტიან გადასასვლელს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. რუსეთის სავაჭრო მარშრუტებს სანქციები აფერხებს, ხოლო საზღვაო ვაჭრობა შეზღუდულია ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო. აშკარაა სავაჭრო გზების დივერსიფიკაციის აუცილებლობა. ამან ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სატრანსპორტო კავშირის განვითარებაში ახალი იმპულსი შეიტანა. ისეთი პროექტების შემდგომი მხარდაჭერა, როგორიცაა, შუა დერეფანი, არამხოლოდ გააძლიერებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს რეგიონში, არამედ, ხელს შეუწყობს რეგიონულ მიზნებს კავშირის, ენერგიის დივერსიფიკაციისა და გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით,“ აღნიშნა ნიფტიმ.
ღონისძიებაზე ასევე განიხილეს ინსტიტუციური დაბრკოლებების აღმოფხვრისთვის საჭირო ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის წარმართვისთვის კასპიის რეგიონში. ასევე, ისაუბრეს ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოებაზე შუა დერეფნის ფარგლებში. გარდა ამისა, კონფერენციის ერთ-ერთი პანელი დაეთმო შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის დაფინანსებას.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, UK Export Finance, TheCityUK-ის და სხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.
აზერბაიჯანის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ელინ სულეიმანოვმა შუა დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობასა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ისრაელს [და ღაზის] შორის [კონფლიქტის] დროს, თქვენ ხედავთ, რომ მთელი საჰაერო მიმოსვლა აზიასა და ევროპას შორის ძირითადად, აზერბაიჯანისა და საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხორციელდება. ეს თავისთავად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს ეს ნაწილი.“
„ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად მწვანე ენერგიის ევროპის ბაზრებზე მიწოდებაზე. ენერგია მიდის აზერბაიჯანში, საქართველოში, შავი ზღვის ქვეშ, რუმინეთში, შემდეგ კი, უნგრეთში,“ აღნიშნა სულეიმანოვმა.
თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ოსმან კორაი ერთაშმა ისაუბრა რეგიონში მდგრადი, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური განვითარების აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა რკინიგზაში, მილსადენებსა და ენერგეტიკაში ინვესტირების მნიშვნელობას.
ევროპელი ინვესტორების მხრიდან შუა დერეფნის მიმართ მზარდი ინტერესის განხილვისას, ელჩმა ერთაშმა ხაზგასმით აღნიშნა: „ევროკავშირის ინვესტორთა სამიტი მისასალმებელი ინიციატივა იყო ყველა ჩვენგანისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული თანხა, რომელიც დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს, საკმაოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.“
თურქეთის ელჩმა თავისი ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა: „არსებობს მსხვილი პროექტები, როგორიცაა, რკინიგზა, მილსადენები... იგივე ეხება აზერბაიჯანის ბუნებრივ გაზს, რომელიც ევროპაში TANAP-ით საქართველომდე გავიდა... უკვე ბევრი ინვესტიცია გვაქვს ამ დერეფანში და მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი გავაკეთოთ.“
ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი იწყება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით.