ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული 8 თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ 36 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ზურაბ შავლიაშვილს სახელმწიფო ბრალდება ოჯახში ძალადობას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, თუმცა მას სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია.

დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, მოსამართლემ ამ შემთხვევაში პროკურორის არგუმენტები სარწმუნოდ მიიჩნია და ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საგამოძიებო ორგანო ოჯახური ძალადობის გარდა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასაც ედავება.

შეგახსენებთ, რომ კახეთში, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა.

შსს-მ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რომელსაც ჩვილის გარდაცვალება მოჰყვა, კახეთში 1 პირი დააკავა.

გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.