ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და NATO-ს მომავალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღეა, მედიას განუცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება. მისი თქმით, ღელავს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.
„შეიძლება, აქ მოკლედ [განვიხილოთ საქართველოს საკითხი], მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვღელავთ ევროკავშირზე, ვღელავ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ბოლო დროის გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე [საქართველოს] პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის შესანიშნავი ლიდერია, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეულ იქნა, სამწუხაროდ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით მას [საქართველოს] და იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, მეამაყება, რომ ამირჩიეს [გენერალურ მდივნად], მაგრამ ნატოზე კომენტარებს 1-ელ ოქტომბრამდე არ გავაკეთებ,” - განაცხადა რუტემ.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლოდინი პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობისგან.
„პირველ რიგში საქართველოსგან უნდა ველოდოთ, მთავრობისგან, ეს ახლა თქვენზეა დამოკიდებული,” - აღნიშნა რუტემ.
სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე კი რუტემ უპასუხა: “ვნახავთ, ვნახავთ, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ თქვენ, საქართველო, დაბრუნდებით [ევროკავშირის გზაზე].”