Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ბულგარეთის ელჩი საქართველოში ვესელინ ვალკანოვი აცხადებს, რომ ბულგარეთი დაინტერესებულია, განავითაროს ინფრასტრუქტურული კავშირი ევროპასა და აზიას შორის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში საერთო ინტერესის მქონე პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამით ელჩი ეხმაურება საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ დოკუმენტის გაფორმებას და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას უფრო კონკრეტული ქმედება უნდა მოჰყვეს.
„ბულგარეთს დიდი სურვილი აქვს, განავითაროს ინფრასტრუქტურული კავშირი ევროპასა და აზიას შორის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში საერთო ინტერესის მქონე პროექტების განხორციელების მიმართულებით. ეს ძალიან თანხვედრაშია ჩვენს სურვილთან, გავაძლიეროთ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა საქართველოსთან, ჩვენს მეზობელთან შავი ზღვის გასწვრივ.
მსოფლიოს ამ ნაწილის მზარდი მნიშვნელობა, ჩვენი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, ასევე მოითხოვს ქმედებას ჩვენგან, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლებიც ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტითა და შუა დერეფნით ჩნდება. შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას სწორედ აღნიშნულის ფონზე ვხედავ.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთსა და საქართველოს შორის საბორნე კავშირი 45 წელზე მეტია, არსებობს. საზღვაო ტრანსპორტის ეფექტიან გამოყენებას მრავალი უპირატესობა აქვს. სავაჭრო ნაკადები იქ ელოდება დამუშავებას და საქონლისა და ტვირთის მიწოდებას საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა და არც ისე ძვირადღირებული გზით. საბორნე მიმოსვლა ამ კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ იმისთვის, რომ მან მოლოდინი გაამართლოს და მომგებიანი იყოს, გვჭირდება საკმარისი ტვირთი ორივე მიმართულებით - დასავლეთი - აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ-დასავლეთი. შესაბამისად, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას უფრო კონკრეტული, და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს. ყველა დაგროვილი და ხელმისაწვდომი გამოცდილება და ცოდნა, მაგ. TRACECA-სგან, ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული.
სერვისების კოორდინაცია, ლოგისტიკა და დიგიტალიზაცია, მათი გამარტივება, მოდერნიზაცია და დაჩქარება ხელს შეუწყობს უკეთესი შედეგების მიღწევას და უფრო ფართო გზის გახსნას ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან შემოსული სავაჭრო ნაკადებისთვის ევროკავშირამდე.
მარშრუტის გასწვრივ მყოფი ყველა ქვეყანა მიიღებს ამისგან სარგებელს და უნდა მიმართონ საჭირო ძალისხმევას, რათა შესაძლებლობები მათი მოსახლეობისთვის რეალურ სარგებლად აქციონ. ბულგარეთის მხარე მზად არის და მას აქვს სურვილი, წინ წასწიოს ეს თანამშრომლობა საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან,“ განუცხადა Europetime-ს ბულგარეთის ელჩმა.
ინფორმაციისთვის: შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.
ასევე წაიკითხეთ: