“NATO-ში აღარ სჯერათ, რომ საქართველოს გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია” - პატრიკ ტერნერი

“ვფიქრობ, პოლიტიკური მზადყოფნა იმისთვის, რომ უკრაინა ალიანსში ვიხილოთ, თანდათან იზრდება - მე თუ მკითხავთ, უკრაინა დღესვეა მზად NATO-ს წევრობისთვის, მაგრამ ამ აზრს, ფაქტია, რომ NATO-ს ყველა წევრი არ იზიარებს,” - ეუბნება რადიო თავისუფლებას პატრიკ ტერნერი, NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე, რომელიც ინტერვიუდან რამდენიმე დღეში უკრაინაში NATO-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნა. ის კიევში საქმიანობას სექტემბრიდან შეუდგება, იქამდე კი ვაშინგტონის სამიტის შედეგები შეაჯამა, და სამიტის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ გაკეთებული ჩანაწერის საკითხიც განმარტა.


_საინტერესო ახალი სიტყვა გამოჩნდა NATO-ს კომუნიკეში უკრაინის ალიანსში გაწევრებასთან მიმართებით: შეუქცევადი. რამდენად შეუქცევადია ეს შეუქცევადი - უბრალოდ, ხატოვანი მეტაფორაა თუ ჭეშმარიტად ის შეუქცევადია, ლექსიკონში როგორც ვკითხულობთ?

პატრიკ ტერნერი: სიმართლე გითხრათ, პირადად მე დიდად არ მწამს კონკრეტული სიტყვებისთვის საკრალური მნიშვნელობის მინიჭებისა. თუნდაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გავიხსენოთ - 2008 წელს NATO- პირდაპირ თქვა, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებოდნენ, და იქაც შეიძლებოდა, გემტკიცებინა, რომ პროცესი შეუქცევადი იყო, დაპირება გაიცა, ეს იყო მკაფიო პოლიტიკური განზრახვა და ამის შემდეგ ბევრი არც არაფერი მომხდარა ამ დაპირების ხორცშესასხმელად. პარალელურად, კომუნიკეში ისევ რჩება ფრაზა, რომელიც ვილნიუსის სამიტზე მოვისმინეთ: უკრაინა NATO-ში გაწევრდება მაშინ, როდესაც ამისთვის შესაფერისი პირობები იქნება, რაშიც მინიმუმ ის იგულისხმება, რომ ეს არ მოხდება, ვიდრე ომი არ დამთავრდება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, პოლიტიკური მზადყოფნა იმისთვის, რომ უკრაინა ალიანსში ვიხილოთ, თანდათან იზრდება - მე თუ მკითხავთ, უკრაინა დღესვეა მზად NATO-ს წევრობისთვის, მაგრამ ამ აზრს ფაქტია, რომ NATO-ს ყველა წევრი არ იზიარებს.


უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო საერთოდ აღარ არის ნახსენები NATO-ს დეკლარაციაში, არადა, ადრე ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ ბუქარესტის სამიტზე გაცემული დაპირება ძალაშია, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან. რას მოასწავებს ეს – ის ღია კარი, რომელშიც ვერა და ვერ შევაბიჯეთ, ახლა საერთოდ იხურება?


პიტერ ტერნერი: საქართველოს ჰქონდა მკაფიო დაპირება, რომ NATO-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ როდესაც NATO-ს გაწევრების მოწადინე ქვეყნები თავიანთ მიდგომებსა და გეზს ცვლიან... როდესაც შიდაპოლიტიკური ცვლილებები იწვევს დანარჩენი წევრების უნდობლობას, როდესაც მათ აღარ სჯერათ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია, ამას რა თქმა უნდა, მოჰყვება შედეგები. NATO-ს არ სჩვევია ზეწოლა, ის ძალით არავის მიათრევს ალიანსში. NATO-ს მიდგომა ასეთია - რასაც ვხედავთ კიდეც უკრაინასთან მიმართებით - არსებობს სტანდარტები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოთ, ამის შემდეგ კი, ალიანსი იმსჯელებს და კონსენსუსზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, ვფიქრობ, სტანდარტებსაც რომ აკმაყოფილებდეთ, ეს მაინც რთული გამოწვევა იქნებოდა, როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე, თავად საქართველოსთვის...