უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით, აშშ-მ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ფართო კონსულტაციები გამართა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ფართო კონსულტაციები გამართა. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განუცხადა.


შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უახლესი ბრძანებულება საზღვაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე, ასახავს კიევის სტრატეგიას შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შეიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის საზღვაო ძალების გაძლიერებისკენ, მათ შორის, სტრატეგია ითვალისწინებს NATO-ს ძალების მუდმივ ყოფნას შავ ზღვაში.


ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.


შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.


ეკონომიკური ზონა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს.


„ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ.