ბჟანიამ და გაგლოევმა მადუროს „ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებმა ნიკოლას მადუროს „საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს.

ბჟანიას განცხადებით, „მადუროს წარმატება არჩევნებში, ხალხის მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის დადასტურებაა.“ შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ვენესუელამ აღიარა ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა.


თავის მხრივ, გაგლოევმა აღნიშნა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა დაადასტურა მადუროს მაღალი ავტორიტეტი და მისი წამყვანი როლი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც ასახავს ხალხის ნებას.“


კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მადუროს გამარჯვება ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამოაცხადა. ეს მადუროს მესამე ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადა იქნება. ზოგადად კი, „ბოლივარი სოციალისტები“ ვენესუელას 25 წელია, უწყვეტად მართავენ.


ოფიციალურად, ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოქმედ პრეზიდენტს ხმების 51 პროცენტზე მცირედით მეტი აქვს, ხოლო მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს  - ედმუნდო გონსალესს - 44 პროცენტი.


ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შედეგები, ისევე როგორც 2018 წლის ბოლო არჩევნებში, გაყალბებულია. ამერიკული Edison Research-ის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო გამოკითხვებმა და ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ოპოზიციის კანდიდატმა გონსალესმა 30%-ზე მეტი სხვაობით გაიმარჯვა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილი საარჩევნო უბნებიდან გამოაძევეს. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს. არჩევნებზე დაკვირვების საშუალება შესაბამისი პროფილის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მიეცათ.


არგენტინამ, პერუმ, ჩილემ, ურუგვაიმ და პანამამ უკვე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მადუროს გამარჯვებას ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოხატა "სერიოზული შეშფოთება" გამოცხადებული კენჭისყრის შედეგების გამო და ეჭვი, რომ ისინი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას. ბრაზილია გაეროს სთხოვს, გამოიძიოს შესაძლო გაყალბება. 


მადურო, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა თავისი ქვეყანა სრულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსამდე, რუსეთის დიდი მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ის ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება. 


ბოლო 14 წლის განმავლობაში, 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა - ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედმა უკვე დატოვა ქვეყანა. ამ ათწლეულის დასაწყისისთვის, სიღარიბის დონე იმდენად გაიზარდა, რომ ვენესუელა გახდა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში.