რუსეთი არ იყო მზად კურსკის რეგიონში საზღვრის გარღვევისთვის. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ცენტრის მეთაურის მოადგილე იანეკ კესელმანის თქმით, მოსკოვს მოუწევს ჯარების გადანაწილება სხვა მიმართულებებიდან.
„სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებები არ იყვნენ მზად ამ რეგიონში უკრაინის შეტევისთვის და თავდასხმა მათთვის მოულოდნელი იყო," - აღნიშნა კესელმანმა.
ის ვარაუდობს, რომ უკრაინული ძალები შესაძლოა, 15 კილომეტრით დაწინაურდნენ კურსკის რეგიონში. ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი იძულებული გახდება, თავდაცვისთვის ქვედანაყოფები გადაანაწილოს.
„შესაძლოა, რეგიონში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მეორე ხაზი ნაწილობრივ დაირღვეს. უკრაინის წინსვლა კურსკის რაიონში, სავარაუდოდ, გამოიწვევს რუსული შენაერთების გადანაწილებას სხვა მიმართულებებიდან, რათა უზრუნველყონ რუსული პოზიციების დაცვა და კონტრშეტევა უკრაინული ძალების წინააღმდეგ ამ რეგიონში,“ - აღნიშნა ესტონელმა დაზვერვის ოფიცერმა.
ბრძოლა კურსკის რეგიონში
6 აგვისტოს რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, გაარღვიეს საზღვარი კურსკის რეგიონში. თავდაპირველად, რუსეთი ამტკიცებდა, რომ მათ შეაჩერეს წინსვლა, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში ბრძოლები უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება. დღეს, 9 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ბრძოლებმა მიაღწია ქალაქ სუჯას, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტია, მათ შორის, ელექტროქვესადგური და სადგური, რომლითაც რუსული გაზი უკრაინის გავლით ევროპაში გადადის. უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.