აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი შესრულდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, ომს 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. 300 000-მდე ადამიანი დევნილად იქცა.


საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში რუსული არმია ჩაერთო.


 
ICRC-ს შეფასებით კონფლიქტის შედეგად დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 10-15 ათასი ადამიანი (თუმცა შეფასებები განსხვავდება და აღწევს 30 ათასს), 250 ათასზე მეტი ქართველი გააძევეს აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად. ომის შედეგად და სოხუმის დაცემის შემდეგ, რომელიც სეპარატისტულმა ძალებმა 1993 წლის 27 სექტემბერს რუსული ჯარების დახმარებით აიღეს, საქართველომ  დაკარგა კონტროლი რეგიონზე.

შეგახსენებთ, დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წელს, საქართველოში შეჭრის შემდეგ აღიარა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.