რუსეთის ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დღეიდან, 14 აგვისტოდან რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი აამოქმედეს. გადაწყვეტილება ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაცხადა.


გლადკოვი მიზეზად ასახელებს „უკიდურესად რთულ და დაძაბულ ვითარებას“. უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის გარდა, სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს ბელგოროდის ოლქშიც.


გლადკოვი სახმელეთო შეტევას არ ახსენებს, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყოველდღიური სროლის, სახლების ნგრევის და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო გადაწყვიტეს მოსახლეობის დასაცავად და დამატებითი დახმარების გასაწევად აამოქმედონ რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი.

ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, რუსეთის მთავრობას მიმართავენ ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლადაც.

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბელგოროდის, კურსკის და ბრიანსკის ოლქებში 10 აგვისტოდან მოქმედებს „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმიც."


უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში. 9 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ ამ რეგიონში აამოქმედა ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა. უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ 74 დასახლებულ პუნქტს.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის წინსვლა შეჩერებულია და მას დიდი დანაკარგი აქვს, თუმცა, დამოუკიდებელი წყაროები ამას არ ადასტურებენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან მუდმივად უტევს ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს.