WSJ: კურსკის გამო რუსეთს უკრაინიდან გაჰყავს ჯარის ნაწილი

რუსეთი იძულებულია კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო, უკრაინიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალების ნაწილი. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.


გამოცემის თანახმად, ეს პირველი ნიშანია, რომ კურსკზე უკრაინელების შეტევამ რუსეთს გადაჯგუფება აიძულა. წყაროები არ ასახელებენ, კურსკის გამო რამდენი რუსი სამხედრო ტოვებს უკრაინას, თუმცა, თავად ფაქტი ადასტურებს უკრაინის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ კურსკის ოლქში მოულოდნელი შეჭრა რუსეთს აიძულებდა ყურადღების გადატანას უკრაინიდან, სადაც ცოცხალი ძალით და ტექნიკით უპირატესობის შედეგად რამდენიმე რაიონში წინსვლა აქვს.


კურსკის ოლქზე უკრაინის შეტევის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონში დამატებითი ძალები გაგზავნა, თუმცა, საიდან არ დაუკონკრეტებია. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.