საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული დინამიკა. აღინიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამ კუთხით ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მაღალ დინამიკას და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობას.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. განიხილეს ასევე პარტნიორობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოში და პატივია, გიმასპინძლოთ წარმომადგენლობით დელეგაციას სომხეთიდან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი ვიზიტი მარტში, სომხეთში და მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს გულთბილი დახვედრისთვის.
საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა ეფუძნება მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის, მრავალსაუკუნოვან ურთიერთპატივისცემას და მოხარულები ვართ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი უკვე შეასრულა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შედეგები.
დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის - გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. კობახიძემ ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობის შენარჩუნების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
„შეხვედრისას მადლობა გადავუხადე კოლეგას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინდა, აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობების ძალიან მაღალი დინამიკა, ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი ორმხრივი ვიზიტები უმაღლეს დონეზე, მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან ხშირი და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, შევინარჩუნოთ ეს ძალიან კარგი დინამიკა ჩვენს ურთიერთობებში და მაღალი ინტენსივობა ამ ურთიერთობებში.
ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა თუ თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველა ეს სფერო არის თანაბრად პრიორიტეტული ჩვენთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. „საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას და ამ კუთხით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესს და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ.
ჩვენ მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. დასასრულს მსურს, კმაყოფილება გამოვხატო იმ შეხვედრების გამო, რომელიც გაიმართა დღეს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები.
მოხარული ვარ, რომ მქონდა კიდევ ერთხელ საშუალება, გაგვეცვალა მოსაზრებები ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქართულ -სომხურ ურთიერთობებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, გლობალურად მიმდინარე პროცესებს და ბატონ პრემიერს კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მისი წვლილისთვის ქართულ-სომხური ურთიერთობების განვითარებაში,“ - განაცხადა კობახიძემ.
- თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის ქვეყანაც დასავლეთთან ურთიერთობებს აძლიერებს, საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ რეგიონში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს ორმხრივ პატივისცემას, საერთო ინტერესებს, ჯანსაღ ეკონომიკურ კონკურენციას, რომელიც მიმართულია განვითარებისთვის.“
„მოხარული ვარ, რომ მეგობრულ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვედი. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი მიღებისა და სტუმართმასპინძლობისთვის. ჩვენს ურთიერთობაში მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის გაგვეფართოებინა ყოველისმომცველი თანამშრომლობა ყველა სფეროში.
ამის საუკეთესო მაჩვენებელია ის, რომ ამ წლის იანვარში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. მოვახერხეთ, შეგვექმნა სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი ეფექტიანი და პერიოდული კონტაქტების, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც მიღებულია ჩვენი ქვეყნების ძმური ხალხების მიერ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს თითოეული ქვეყნის ტერიტორიული მთლინობა და სუვერენიტეტი.
ისინი ამ ფაქტს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად თვლიან. რეგიონში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს ორმხრივ პატივისცემას, საერთო ინტერესებს, ჯანსაღ ეკონომიკურ კონკურენციას, რომელიც მიმართულია განვითარებისთვის,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც ეხება ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევასა და რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას.
„უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანთან რთული მოლაპარაკებების დროს, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესში ჩვენ მოვახერხეთ, მიგვეღწია გარკვეული პროგრესისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში, რომელიც ეყრდნობა 1991 წლის ალმათის დეკლარაციის დებულებებს.
ეს ნიშნავს, რომ საფუძველი ამ პროცესისთვის იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩვენ [ე.ი. სომხეთი] ველით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ პროგრესს ასევე სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში, რომელიც უკვე განვიხილეთ და გვაქვს საერთო გაგება, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია,“ აღნიშნა ფაშინიანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და არხის განბლოკვა და სრული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც სომხეთის მთავრობა ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს.
„თქვენ იცით, რომ თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთი და აზერბაიჯანი ახერხებენ, შეთანხმდნენ სამშვიდობო და ქვეყანათა შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეკრულების 80 პროცენტზე.
ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს, ხელი მოეწერა იმ დებულებებისთვის, რომელიც უკვე იყო შეთანხმებული. ასევე შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რომელიც ორმხრივ ინტერესებში შედის.
ყველა ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და არხის განბლოკვა და სრული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც სომხეთის მთავრობა ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს.
ჩვენი იდეები ამ საკითხზე საუკეთესოდ არის ასახული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტში, რომელიც შექმნა სომხეთის მთავრობამ და რომელიც პირველ რიგში, გავუზიარეთ ჩვენს საერთაშიროსო პარტნიორებს თბილისში, კონფერენციის დროს.
მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობის ბენეფიციარები, არამხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ, საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებენ სარგებელს თანაბრად.
ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლმოუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ მშვიდობა რეგიონში იყოს შესაძლებელი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს რეგიონული, საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა მიმდინარე წლის იანვარში დაამყარეს.
ცნობისთვის, 9 სექტემბერს, ერევანში, ევროკომისიამ და სომხეთის რესპუბლიკამ ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყების შესახებ გამოაცხადეს.