საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის, პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების საკითხზე განაცხადა, რომ „ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „წინასაარჩევნო პერიოდში სანქციების დაწესების ერთადერთი მიზანი შეიძლება, არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყოს.“
„ჩვენ ხელი გავუწოდეთ პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული ოთხი წლის მანძილზე. თქვენ იცით ამაში აშშ-ის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული „წვლილი“. რა წვლილზეც არის საუბარი, გასაგებია. ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები, ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია. ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები. წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა. თუმცა, ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და მკვეთრი. ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, მკვლელობა. ყველას ვურჩევ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა ასეთი რეჟიმის თავის დროზე ხელისუფლებაში მოყვანისთვის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ამერიკიდან გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.“
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვას ექნება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, პრემიერმა უპასუხა, რომ კომუნიკაცია ბაიდენის ადმინისტრაციასთან შედგება.
„ბაიდენის მიღებული არ მგონია ეს გადაწყვეტილება და მგონი, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში. საუბარია იმ ძალებზე, რომელთაც აქვთ არაფორმალური გავლენა მის ადმინისტრაციაზე. ბაიდენის ადმინისტრაციასთან გვექნება კომუნიკაცია, ალბათ პირადად მეც მექნება კომუნიკაცია, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციასაც გაგიზიარებთ. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ შეხვედრებისთვის, დისკუსიისთვის, კომუნიკაციისთვის. ამას ყოველთვის ვაფიქსირებთ და ჩვენი მხრიდან იდგმება ხოლმე ქმედითი ნაბიჯები, თუმცა სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ამას არ მოჰყვება ხოლმე სათანადო ნაბიჯები.
განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ პოლიციელების სანქცირებაზე. შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ის პოლიციელები, რომლებმაც რევოლუცია აარიდეს თავიდან ჩვენს ქვეყანას ორჯერ, 2020 წლიდან მოყოლებული. ასეთ დროს, საზოგადოებას უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ უნდა ვინმეს მესამედაც სცადოს საქართველოში რევოლუციის მოწყობა და დაასუსტოს პოლიცია, ამას ვერ ეღირსებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს განცდა ხომ რჩება. ეს დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ, სამომავლოდ, ველით, ჯანსაღ და სწორ დამოკიდებულებას როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე ქართული საზოგადოების მიმართ,“ - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.
იმავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."