რას ნიშნავს ამერიკული სანქციები - ანალიზი

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, სანქციების მორიგი ტალღა ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ნიშანია, ის შესაძლოა, ,ერთგვარ წინსაარჩევნო გაფრთხილებადაც აღიქმებოდეს და რომ ამ ნაბიჯით ამერიკა საქართველოს მთავრობას აფრთხილებს. დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, თავად იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი. ის „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განმარტავს, რატომაა ეს სანქციები ასე მნიშვნელოვანი.


„ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იყო ჩართული და ის ვიზებს ეხებოდა, ახლა კი, 4 ინდივიდუალურ პირს ფინანსური სანქციები დაუწესეს, 60-ს კი - სავიზო შეზღუდვები, ეს ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა.”


ექსპერტები ამბობენ, რომ ეს კრიტიკა, ახლა კონკრეტულ ნაბიჯებში ითარგმნება.

„მოდით, ნათლად ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მათ მიჰყავთ საქართველო არასწორი გზით, საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, ოპოზიციის აკრძალვაზე, მათ მიიღეს რუსული სტილის კანონი ენჯეობის წინააღმდეგ, ებრძვიან ლგბტქ+ თემს. ასე რომ, ამერიკა უბრალოდ ამას და ამერიკაზე, ამერიკელ სენატორებზე, კონგრესმენებზე, ამერიკის ყოფილ ელჩზე თავდასხმას პასუხობს და ამბობს, რომ საკმარისია!,” - აღნიშნავს კრამერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.


დენიელ ფრიდი, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატია და კარგად იცნობს საქართველოს, განმარტავს, რომ ამ სანქციების დაწესებით, ამერიკის მთავრობა ერთ კონკრეტულ პარტიას, ან პიროვნებებს კი არ სჯის, არამედ, ცდლობს, რომ საკუთარი შეშფოთება აჩვენოს დემოკრატიის უკუსვლის გამო.


„ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია, აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დაფუძნებული. ამერიკა არც მაშინ იყო კმაყოფილი, როდესაც 2007 წელს სააკაშვილი ხალხს არასწორად ექცეოდა, ასე რომ ეს პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა. მაგრამ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე წეზოლას ახდენს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მორიგი ნაბიჯი გადადგა და დაასახელა საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელი არიან,” - განმარტავს ფრიდი.


დიპლომატი განმარტავს, რომ ყოველი ასეთი ნაბიჯი დიდხნიანი განსჯისა და ფიქრის საგანია და ის კონრკეტული მიზნით იდგმება:

„ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ ეს ნაბიჯი წინასარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ, გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ. თუმცა არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა. ეს იყო ძალიან ფრთხილად გააზრებული ნაბიჯი. ბაიდენის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ არიან მოტივირებულნი რაიმე ტიპის ემოციებით, ან ბრაზით, ან რაიმე მსგავსით. ისინი ძალიან მიზანმიმართულად და დაფიქრების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს.”


ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გამწვავებული ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ღელავენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და შიშობენ, რომ ქვეყანა შესაძლოა, თავისი დემოკრატიული გზიდან მკვეთრად უხვევდეს.


„ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელორუსს შევადარებდი [ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილნი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი. ამიტომ შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, გააყალბონ,” - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი.


შეკითხვას, უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ეს სანქციები, როგორც წინასაარჩევნო გაფრთხილება, ყოფილი ელჩები დადებითად პასუხობენ.

„გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება,“ - აღნიშნავს კორტნი.


თავის მხრივ, დენიელ ფრიდი თვლის, რომ „არჩევნები ძალიან მნიშვნელვანი იქნება.“

„ეს [სანქციები] კი იმის ნიშანია, რომ მართალია, ამერიკა უკრაინის ომზე, ღაზაზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, ტაივანსა და სხვა საკითხებზეა ფოკუსირებული, მაგრამ საქართველო არავის დავიწყებია.”


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი, ხაზინა, თუ სხვა სამთავრობო უწყებები სანქციებს წინასწარ არასდროს აანონსებენ, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ქვეყნის მთავრობა არჩევნებს არ ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მაშინ დამატებით ზომებსაც არ გამორიცხავენ.


“შესაძლოა, ამერიკის მთავრობამ ივანიშვილის სანქცირება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის შემოინახოს, იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები იქნება, ან თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას, ან ოპოზიციონერი დეპუტატების გადაყენებას გადაწყვეტს,“ - ამბობს დევიდ კრამერი.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."


სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“

17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.


„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს შეკითხვებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით. სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს.


სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ, სხვა ჯგუფების გადაწყვეტილება იყო და ახლახან მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა." რა პასუხი გაქვთ ამაზე?“ მიმართა ჟურნალისტმა მილერს.


„არ ვაპირებ, ამ საკითს შევეხო. ვიტყვი, რომ შეერთებულ შტეტებში, მსოფლისო სხვა ქვეყნებისგან განსხავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს (makes our policy choices) იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა,“ უპასუხა მილერმა.