ევროკავშირის ელჩი „უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას“ არ გამორიცხავს, „თუკი ვითარება გაუარესდება“

„ვიმედოვნებთ, საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ვითარება გაუარესდება, შეგვიძლია, ჩვენი ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, ერთ-ერთი მათგანი არის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი თვალს ადევნებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.


„ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ, რეფორმების შესრულების ნაცვლად, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომლებიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ეს ევროკავშირის შიგნით განვიხილეთ, ჩვენმა წევრებმა განიხილეს და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვით რამდენიმე თვის წინ, რომ განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება განვითარებული მოვლენების საფუძველზე.


ჩვენ თვალს ვადევნებთ განვითარებულ მოვლენებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩვენთვის მოვლენების სასურველი განვითარება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენი ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება და უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია,“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ.


 

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."


სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“

17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.


„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს.