აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ჩინეთისა და ავსტრიის სარკინიგზო ადმინისტრაციები, საერთაშორისო ასოციაციის - „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ შექმნაზე შეთანხმდნენ. ეს გადაწყვეტილება პარასკევს, 20 სექტემბერს, ბაქოში, საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მიიჩნევენ, რომ „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ დაარსება ევრაზიის გლობალური რეგიონის ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების მოცულობას გაზრდის.
„ყველა ოფიციალური პროცედურა უახლოეს მომავალში დასრულდება,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა პრესკონფერენციაზე.
შუა დერეფნის გაძლიერება
„ასოციაციამ უნდა შეასრულოს სტრუქტურირებული სამუშაო, შეიმუშაოს დერეფნის კონცეფცია, ჩამოაყალიბოს სატარიფო პოლიტიკა და შეისწავლოს ციფრული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები, რათა უზრუნველყოს უფრო სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტი,“ - განმარტა რუსტამოვმა. მიზანია, რომ შუა დერეფანი გახდეს უფრო ეფექტური და მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის, გაუმჯობესდეს მარშრუტის საერთო ოპერაციები. რუსტამოვმა განაცხადა, რომ ჩინეთი "შუა დერეფნით" 1000 საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის გაგზავნას გეგმავს. მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ჩინეთიდან "შუა დერეფნით" 212 ბლოკ-მატარებელი გაიგზავნა.
„მარტში, სიანის პორტიდან პირველი საკონტეინერო მატარებელი ბაქოში სულ რაღაც 11 დღეში ჩავიდა. ამ მატარებლებს საშუალოდ, 8-დან 10 დღემდე სჭირდებათ აზერბაიჯანამდე, ხოლო 12 დღე საქართველოს პორტებში მისასვლელად,“ - განაცხადა რუსტამოვმა. ტვირთის სავარაუდო მოცულობა დაახლოებით 420 000 ტონაა.
შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გადამწყვეტია აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტის გასაადვილებლად. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, ამ დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მედია წერს, რომ ახლად შექმნილი ასოციაცია ზედამხედველობას გაუწევს ამ მარშრუტის კოორდინაციასა და განვითარებას, რაც უზრუნველყოფს მის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე.
თურქეთის რკინიგზის TCDD Tasimacilik Company-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი უფუკ იალჩინი მიიჩნევს, რომ ახლად შექმნილი საერთაშორისო ასოციაცია „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტი“ ტვირთების გადაზიდვის არეალს გააფართოებს, იუწყება Trend.
ბაქოში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას იალჩინმა აღნიშნა, რომ მულტიმოდალური ტრანსპორტირების დონზე ჩინეთსა და ევროპას შორის იზრდება და სატრანზიტო ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ ამ ტენდენციებს.
„ახალი ქვეყნების ხარჯზე, ევრაზიული მარშრუტის განვითარების ინიციატივა ეფექტიანად და კომერციულად მიმზიდველად იმუშავებს,“ - აღნიშნა თურქეთის რკინიგზის წარმომადგენელმა.
„ბაქო-თბილისი-ყარსი მნიშვნელოვანი მარშრუტია ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში,“ - განაცხადა იალჩინმა. მისი თქმით, ეს ინფრასტრუქტურა ევროპასა და აზიას შორის ტვირთის უწყვეტ ტრანსპორტირებას შეუწყობს ხელს.
ჩინეთის სარკინიგზო საკონტეინერო ტრანსპორტის კორპორაციის ხელმძღვანელის იან ბინის თქმით, ჩინეთი „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ შექმნის ინიციატივას უერთდება, რადგან პეკინი ევრაზიის რეგიონის გავლით საქონლის ტრანსპორტირების გაზრდით არის დაინტერესებული. მისი განმარტებით, ეს ორგანიზაცია ჯდება პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარების კონცეფციაში.
მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის 40 ქალაქი ევროპის 225 ქალაქს სხვადასხვა სატრანსპორტო მარშრუტით უკავშირდება, რომელთა შორისაც შუა დერეფანმა მნიშვნელობა მოიპოვა. ბინმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მარშრუტზე მატარებლების რაოდენობა და ტრანსპორტირების მოცულობა გაიზრდება.