უკრაინა ამერიკული სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკრაინა 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს. ეს მაისის შემდეგ, უკრაინისთვის გაცემული ყველაზე მასშტაბური სამხედრო დახმარებაა.


"ამერიკის ხმის" ჟურნალისტ, კარლა ბაბთან ანონომურობის პირობის დაცვით საუბრისას, რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კიევი დახმარებას, სავარაუდოდ ოთხშაბათს, 25 სექტემბერს მიიღებს.


ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს F-16-ის ტიპის ავიამოიერიშის ჰაერი-მიწის საბრძოლო მასალებს, რაც უკრაინელ პილოტებს საშუალებას მისცემს ფრონტის ხაზებიდან და რუსული საჰაერო თავდაცვის საშუალებებისგან მოშორებით იმოქმედონ.


„პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალა "ჰაიმარსებისთვის", საპატრულო ნავები და ჯავშანმანქანები, 155 მმ-იანი და 105 მმ საარტილერიო ჭურვები და "TOW"-ს ტიპის რაკეტები, განმარტა ოფიციალურმა წარმომადგენელმა "ამერიკის ხმასთან" საუბარში.


პაკეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება უკრაინის პრეზიდენტის ამერიკის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას ემთხვევა. მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, ზელენსკი ხუთშაბათს, 26 სექტემბერს თეთრ სახლში უნდა შეხვდეს. ზელენსკი მათთან უკრაინის "გამარჯვების გეგმის" შესახებ საუბარსაც აპირებს. სავარაუდოდ, ის ასევე მოითხოვს ამერიკულ იარაღზე შეზღუდვების მოხსნას და მათი თავისუფლად გამოყენების უფლებას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იერიშებისთვის.