უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, Fox News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დონალდ ტრამპისგან მიიღო "ძალიან პირდაპირი ინფორმაცია“, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტი უკრაინას დაუჭერს მხარს რუსეთთან ომში, თუკი მას ნოემბერში კვლავ პრეზიდენტად აირჩევენ. ზელენსკიმ, რომელიც შეერთებულ შტატებში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა, ტრამპს უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ პარასკევს, დახურულ შეხვედრის დროს წარუდგინა, მას შემდეგ რაც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ იმუშავებს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, რათა მათი კონფლიქტი დასრულდეს.
"არ ვიცი რა იქნება არჩევნების შემდეგ და ვინ იქნება პრეზიდენტი. ... მაგრამ დონალდ ტრამპისგან მაქვს ძალიან პირდაპირი ინფორმაცია, რომ ის ჩვენს მხარეს იქნება, რომ ის უკრაინას დაუჭერს მხარს," - განაცხადა ზელენსკიმ ტრამპთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ.
ზელენსკიმ, რომელიც ასევე შეხვდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს კამალა ჰარისს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს არცერთ მხარეს აშშ-ის არჩევნებში.
„არ მინდა არჩევნებში ჩართვა. წერტილი. არ მინდა, დავკარგო ამერიკელების ესა თუ ის ნაწილი,“ განუცხადა ზელენსკიმ Fox News-ს.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინისთვის" სამართლიან მშვიდობას“ ემხრობა. თუმცა თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ როგორ შეთანხმებას მიიჩნევს სამართლიანად.
„ჩვენ ორივეს გვინდა, რომ ეს დასრულდეს და ორივეს გვინდა სამართლიანი შეთანხმება. ის სამართლიანი უნდა იყოს. და მე ვფიქრობ, რომ საჭირო დროს ეს მოხდება", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა.
პარასკევს დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ტრამპ ტაუერში“ შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საჭიროა ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მასზე ზეწოლა მოვახდინოთ, რომ ეს ომი შევაჩეროთ. ის (ომი) ჩვენს ტერიტორიაზეა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს გვესმოდეს. ის ჩვენს ტერიტორიაზეა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.