რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსულ სატარიფო კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსა და აზერბაიჯანს მიმართა საგანგებო სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით.
„ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი,“ - აღნიშნა ალექსანდრა პანინამ.
მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უპასუხია.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ფიზიკურად არის დაკავშირებული ოთხივე მეზობელი სახელმწიფოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან. "ოპერირების პროცესში, გადამცემი სისტემის ოპერატორი იღებს გადაწყვეტილებას ტრანსსასაზღვრო რეჟიმების შესახებ, მათ შორის, ამა თუ იმ სისტემასთან სინქრონულ-პარალელური, საექსპორტო/საიმპორტო, ავარიული, კუნძულოვანი ან ნულოვანი ოპერირების თაობაზე. აღნიშნული საკითხები დამატებით რეგულირდება შესაბამისი ქვეყნების სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. ელექტროენერგეტიკული სისტემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ეს მსოფლიოში დანერგილი, ჩვეული პრაქტიკაა?.
რუსეთის შემთხვევაში, ეს რეგულირდება "რუსეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორთან 2007 წელს გაფორმებული ორი ხელშეკრულებით: რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელი, საბჭოთა კავშირის დროს ისეა დაპროექტებული, რომ გულისხმობს საქართველოს ოპერირებას რუსეთის სინქრონულ რეჟიმში.
საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აქტიურად ახორციელებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის დივერსიფიკაციისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდისკენ მიმართულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელთა შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების სხვა მრავალი ინიციატივა. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას და შეამცირებს ერთ კონკრეტულ წყაროზე დამოკიდებულებას," - ნათქვამი ეკონომიკის სამინისტროს წერილობით პასუხში.