ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვაზეც ისაუბრებენ.
„ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას,“ - წერია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა.
ხვალინდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება და ევროკავშირის ლიდერები მოისმენენ პრეზიდენტ ზელენსკისგან მის მიერ შეთავაზებულ „გამარჯვების გეგმას“ და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ. შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიგრაციის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.
ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."
სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.
15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.