აშშ-ის ელჩი NATO-ში: გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს საზოგადოების სურვილი, ინტეგრირდეს დასავლურ ინსტიტუტებში, ნათლად ისმის

NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს.

  • მან საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

„დიახ, დეზინფორმაციის კამპანია - ეს არის კლასიკური თამაში რუსების მხრიდან. ისინი იყენებენ დეზინფორმაციას ჩვენი საზოგადოებების შიგნიდან გასაყოფად, რათა დაარღვიონ ერთიანობა, რომელიც არსებობს მთელ მსოფლიოში ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უზარმაზარ ქსელში. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ქართველ ხალხთან ერთად, რათა გვენახა, შეგვეძლო თუ არა მათი დახმარება ამ დეზინფორმაციის გამოწვევასთან გამკლავებაში.


მაგრამ ასევე სხვა საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ, აშშ-ში, ისევე როგორც ევროპაში მრავალი ქვეყანა, ძალიან პირდაპირები ვიყავით ჩვენი მეგობრების მიმართ საქართველოში, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით არსებული ჩვენი შეშფოთებების შესახებ და იმაზე, რომ ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს საზოგადოების სურვილი, ინტეგრირდეს დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა, ევროკავშირი ან NATO, ხმამაღლა და ნათლად ისმის და რომ მათ შეინარჩუნონ დემოკრატიულ პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან მიმართებით ერთგულება,“ განაცხადა სმიტმა.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."


სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.


15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.