ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიაში პორტის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაო დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს. მისივე თქმით, სამუშაო 16 სექტიმბრიდან დაიწყო.


„დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას. ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან, უკვე შეუდგა სამუშაოებს. პირველ ეტაპზე დადგეგმილია ნავასდგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.


მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული. „იან დე ნული“ სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული.


აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად, ან ნაწილობრივ, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის გაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. დამეთანხმებით, რომ ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და ჩვენ მოხარულები ამ კომპანიის ჩართულობით ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში. პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.


პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი წელიწადში. საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც საპარტნიორო შეთანხმება და საკონცესიო შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება,“- განაცხადა პრემიერმა.


კობახიძის თქმით, „ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი დასახელდა, თუმცა სამუშაო უფრო მაღალი ტემპით წარიმართება.“

„უკვე გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას და პორტის ოპერირების დაწყებას. 


ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს. ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას.


ყველა თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა.