24 ოქტომბერს NATO-მ საზღვაო დარტყმის შესაძლებლობებისა და ერთობლივი მაღალი დონის ინტეგრაციის დონის შემოწმება დაიწყო.
"Neptune Strike 2024“ გაძლიერებული სიფხიზლის აქტივობაა, რომელიც ჩატარდება ევროპის მასშტაბით, ცენტრალური ხმელთაშუა ზღვიდან და ადრიატიკიდან ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვებამდე. აქტივობა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ამ პერიოდის განმავლობაში, NATO ოპერატიულ კონტროლს აიღებს მრავალი მოკავშირის საზღვაო ომის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათ შორის იქნება მრავალი ავიამზიდი და საექსპედიციო დამრტყმელი ჯგუფი, რომლებიც რამდენიმე ოპერაციულ სფეროში განლაგდებიან.
საერთო ჯამში, ოპერაციაში დაახლოებით, 20 ხომალდი და წყალქვეშა ნავი, სპეციალურ ოპერაციულ ძალებთან და მრავალრიცხოვან თვითმფრინავებთან ერთად, დაახლოებით 15000 დამხმარე პერსონალით მონაწილეობს. აქტივობები ასევე მოიცავს ამფიბიების დაშვებას, ნაღმების საწინააღმდეგო ოპერაციებს, ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებას და დრონებისგან თავდაცვას.
NATO-ს ამ განლაგების მონაწილე ქვეყნები არიან: ალბანეთი, ბელგია, კანადა, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.
„ეს არის მოკავშირეების უნარის მძლავრი დემონსტრირება, ერთად იმუშაონ NATO-ს მეშვეობით, შეკავებისა და თავდაცვისთვის,“ განმარტავს NATO.
"Neptune Strike“ NATO-ს ერთ-ერთი მთავარი, გაძლიერებული სიფხიზლის აქტივობაა, რომელიც მოიცავს მრავალ ერთობლივ ოპერაციულ ტერიტორიას ევროპის მასშტაბით. NEST 24-2 აჩვენებს ერთობლივი მაღალი დონის საზღვაო დარტყმის შესაძლებლობების კომპლექსურ ინტეგრაციას. NATO ოპერატიულ კონტროლს აიღებს რამდენიმე ავიამზიდსა და საექსპედიციო თავდასხმის ჯგუფზე ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის მხარდასაჭერად.
NEST 24-2-ის მთავარი მიზნებია ნავიგაციისა და მანევრირების თავისუფლების შენარჩუნება NATO-ს ოპერაციების არეალში, სტრატეგიული საზღვაო ჩახშობის პუნქტების დაცვა, შეკავებისა და სიფხიზლის უზრუნველყოფა და ოპერატიულ სფეროებში თავსებადობის გაზრდა (მაგ. საჰაერო-სახმელეთო ინტეგრაცია), NATO-ს შესაძლებლობების ხელშეწყობა ფართო მასშტაბის მრავალ დომენურ ოპერაციაში.
NEST 24-2-ს ხელმძღვანელობს NATO-ს საზღვაო დარტყმის და მხარდაჭერის ძალები (STRIKFORNATO). „ეს არის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ტარდება საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტების შესაბამისად და დაგეგმილია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისგან დამოუკიდებლად. ის თავდაცვითი ხასიათისაა და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის მიმართ. ჩრდილოეთ ზღვაში NEST 24-2 აქტივობებში მონაწილეობს USS Harry S Truman Carrier Strike Group, ასევე - სამეფო საზღვაო ძალების ავიამზიდი HMS Prince Of Wales და მისი ესკორტი,“ აღნიშნავენ ალიანსში.