რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე

ჩაერია თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში - სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.


„ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომელიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევები და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია. ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში, როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ახლახან ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს შეფასება არ მაქვს,“ – განაცხადა მილერმა.


მილერმა ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის მორიგი ნაბიჯები მთლიანად საქართველოს ქმედებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართველები შაბათს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო გარემო განპირობებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის, საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი სათამაშო მოედნის შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო [საზოგადოების] ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ,” - მეთიუ მილერმა პრესკონფერენცია საქართველოზე საუბრით დაიწყო.


მან გაიმეორა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკების მოწოდება, საარჩევნო დარღვევების გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, საარჩევნო დარღვევების სრული გამოძიების მოთხოვნაში. ასევე მოვუწოდებთ, პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ უფლებას,” - განუცხადა ჟურნალისტებს მილერმა.


მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, კარგად გაიაზრონ, რა ტიპის პოლიტიკის წარმოება სურთ და ამ გადაწყვეტილებისას, საქართველოს მოსახლეობის ნებაც გაითვალისწინონ.

„მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, ისეთი პოლიტიკის გაძლიერების ნაცვლად, რომელსაც ავტორიტარები აქებენ, განიხილონ ურთიერთობა, რომელის ქონაც ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან სურთ. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს, რომ ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირში იხილოს. საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მოქმედი მათვრობის მიერაა წარმოდგენილი და მიღებული, ხაზს უსვამს ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას. ყველა მხარე ემხრობოდა ამ მიზანს, მაგრამ მმართველმა პარტიამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც შეუთავსებელია ამ კურსთან.” მილერის თქმით, საქართველოს ჯერ არ დაუკარგავს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების შანსი და ამისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.


„საქართველოს მთავრობას შეუძლია, თავიდან დაბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ გზას - კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული პრობლემების გადაჭრით, არადემოკრატიული კანონმდებლობის უკან გაწვევით და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად შესრულებით. ამ წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეწყვიტა ანტიდემოკრატიული ქმედებები და დაბრუნდებოდა თავის ევროატლანტიკურ გზას,” - განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.


მილერმა ასევე განმარტა, რომ ამერიკის სამომავლო ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით, მთლიანად იქნება დამოკიდებული საქართველოს ქმედებებზე.


მას ასევე ჰკითხეს, გამოძიება უნდა ჩაატაროს თუ არა მმართველმა პარტიამ, რაზეც მან განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო.


„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვინდა, გამოძიება ვნახოთ და ჩემს განცხადებაში არ დამიკონკრეტებია ის, რომ ეს გამოძიება ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ.
ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ იმის შესახებ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო გამოძიების ჩასატარებლად,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა.


სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგამდე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებები გააკეთეს ამერიკის ჰელსინკის კომისიასა და სახელმწიფო დეპარტამენტში. ორივე უწყებაში, საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს არსებულ სავარაუდო დარღვევებზეა საუბარი და ისმის მოწოდებები საქართველოს მთავრობისადმი, რომ გამოიძიონ არსებული საქმეები.


ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს არ აღიარებს. პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე რუსული სპეცოპერაცია განხორციელდა.

პრეზიდენტის მიერ 27 ოქტომბრის საღამოს გაკეთებულ განცხადებას წინ უძღოდა ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციები ოპოზიციონერ ლიდერებთან.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში."


იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში "აშშ-მ, თითოეულ ქვეყანას აცნობა თავისი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ." ამ სამიტს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 28 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილი AP-თან ინტერვიუში, რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.


უცხოურ მედიებთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს წინ უსწრებდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება. ენტონი ბლინკენმა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, „პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და წაიყვანონ საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ.“


კითხვას, სცადა თუ არა რუსეთმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენის მოხდება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ განაცხადა, რომ „სამართლიანია იმის თქმა, რომ დიახ, რუსეთმა საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა.“