ნაუსედა: რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში, არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ საქართველოსა და მოლდოვის ხალხის ევროპული ოცნება გაქრეს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში, ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევას ადასტურებს.

ნაუსედა ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, არ მიატოვოს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი.


„რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია. მოლდოვაში, კრემლის უზარმაზარი ძალისხმევების მიუხედავად, ევროპულმა გზამ გაიმარჯვა. საქართველოში, არჩევნებს მასობრივი პროტესტები მოჰყვა.

ხალხს დემოკრატიასა და კეთილდღეობაში ცხოვრება სურს - არა ცენზურასა და ავტოკრატიას. მოქალაქეებმა თავიანთი ევროპული არჩევანი გააკეთეს და მზად არ არიან მის დასათმობად.


ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, არ მიატოვოს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი. არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს. მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში.


ლიეტუვა მყარად დგას საქართველოსა და მოლდოვის ხალხთან მათ მისწრაფებებში გაწევრიანდნენ ევროკავშირში. გვჯერა, რომ მოლდოვა და საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან.

არავის არ შეუძლია მათი უკეთესი მომავლისთვის შანსის წართმევა. ლიეტუვა გააგრძელებს ამ გზაზე მათ მხარდაჭერას,” - წერს ნაუსედა X-ზე.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.