პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. ამასთან, წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ასახული იყო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები. პრეზიდენტმა პროკურატურას შეახსენა, რომ ხალხის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და მისგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა - პრეზიდენტის მტკიცებულებებს.
„აგერ არის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან, ეს არის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც – განმარტება. პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები.
მტკიცებულებები, ბატონებო, პროკურატურა თურმე ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ საერთოდ, პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები.
თქვენც ასე იცით, ხომ? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და სიმართლე ვთქვა, არ გამიგია არცერთი ასეთი პრეცედენტი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათა შორის, ახლა მოვუსმინე ჯოზეფ ბორელს, მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, რადგან, როგორც ჩანს, მასაც აქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება და ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რაც არის აღნიშნული უცხოელთა სადამკვირვებლო მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე.
კიდევ უფრო უცნაურია, პროკურატურა ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს. თურმე, ცესკო შეურაცხყოფილია, იმიტომ, რომ მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. არ ვიცი, რატომ დისკრედიტაცია – ეს არის ფაქტები.
ფაქტები ყველამ იცის, გავრცელებულია და საერთოდ, საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა. ყველამ შეამჩნია იმ დღეს და მტკიცებულებების მოგროვებაში არიან ჩართული, პრაქტიკულად, მოქალაქეები, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები, უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევების და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ევალება პროკურატურას ან სართაშორისო გამოძიებას.
ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა. ეს ჩამოთვალა სწორედ ახლა ჯოზეფ ბორელმა – ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, გამრავლება, კარუსელის დატრიალება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლახან სწორედ „საიამ“ გამოაჩინა, არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტორნული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზეც, სხვათა შორის, „საიას“ ჰქონდა არჩვნებამდე, წინასწარ შეტანილი ეს შენიშვნა. ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა და ალბათ, ამისთვის ცესკოც უნდა ყოფილიყო დაბარებული. არ ვიცი, ეს ჩემი საქმე ნაკლებად არის,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ის ამბობს, რომ არის ძალიან სერიოზული დარღვევები, მათ შორის დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება.
„ერთ მილიონზე მეტი ემიგრანტი როცა გვყავს, როდესაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო უბნების გახსნაზე, ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მხოლოდ 34 ადამიანს მიეცა საშუალება, თავისი არჩევანი გამოხატოს. ეს არის პირდაპირ შეზღუდვა მათი უფლებების და დისკრიმინაცია ჩვენს მოქალაქეთა შორის.
მივმართავ პროკურატურას, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს რაღაც აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, არ ვიცი, როგორ დავარქვა, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს. არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ-არა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ მომენტში ცესკოში შეტანილია 1 100-ზე მეტი საჩივარი.
„უშუალოდ ეხება 246 უბანს, რაც ამ ეტაპზე სადღაც 400 ათას ამომრჩეველს ეხება. პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგი თვით არჩევნების შედეგებზე. ყველაზე მთავარი, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხი არის დასმული, რის შედეგადაც, 2 263 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნაა და შეიძლება, დადგეს ეს საკითხი. ასე რომ, პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, კიდევ უფრო ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც უყურებენ იმას, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს, თუ შეუძლია პროკურატურას, რომ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს. ასე რომ, შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი, თავის საქმეს მიხედავს.
მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, ბევრი მხრივ ჩანს, რომ საზოგადოება, რომელიც ნათელია, განიცდის ძალიან დიდ ფრუსტრაციას დღეს, რადგან ხედავს, რა დონეზე იქნა წართმეული ეს ხმები, ამავე დროს, მისი ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ ამ ფრუსტრაციას დაემატოს რაღაც დაძაბულობა, შიშები, თუნდაც ჩემ მიმართ და ამისთვის მადლობელი ვარ, ძალიან ბევრი გზავნილი მივიღე დღეს სხვადასხვა კუთხით, რომ ნუ გეშინიათ – არ მეშინია, თქვენც ნუ გეშინიათ, ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდობიანად და უნდა დადგეს რეალური შედეგები ამ არჩევნებისა. ძალიან დიდი მადლობა ყველას,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა.
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ.
„მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.
27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“
ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“
28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას.
ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“
პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს.
28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.
ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო:
- „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.
შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა.
29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.
- ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
- რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე
- როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს
- ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას