რა წერია 26 ოქტომბრის არჩევნებზე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც. ევროკომისია ციტირებს ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნას და აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიამ “გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდა დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში.” ანგარიშში საუბარია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებაზე, რაც წინა საკვანძო რეკომენდაციებში უკვე იყო აღნიშნული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ასპექტებში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.


კომისია მიუთითებს ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებს, ისევე, როგორც უარყოფით ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის დაუცველობას და პროცედურულ ხარვეზებს, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.


„[ეუთო/ოდირი] წინასწარ მიგნებებში, რომლებიც 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა, არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ ჩავარდნები აღნიშნა, რომლებიც დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში მოხდა. აღნიშნული სისუსტეები მოიცავს, სხვა ყველაფერთან ერთად, საარჩევნო პროცესში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს, ხმის მიცემის საიდუმლოების ხშირ დარღვევებს, პროცედურულ შეუსაბამოებს, დაშინებას და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საჯარო ნდობაზე.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები არ შეესაბამება არც ევროკომისიის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ მოსაზრებებს.


“საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2024 წლის მარტში და მაისში განხორციელდა მცირე კონსულტაციების ფონზე. მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება არც ევროკომისიის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ მოსაზრებებს, მათ შორის - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურაზე. მთლიანობაში, საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ასპექტებში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს,” - წერია ანგარიშში.


ამავე ანგარიშის თანახმად, ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ დაუბრუნდეს ცხრა პრიორიტეტის შესრულებას. 2024 წლის გაფართოების ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ ცხრა რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს „უმნიშვნელო პროგრესი“ აქვს.


ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ე.წ. „აგენტების კანონი“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.“

გარდა ამისა, ევროკომისია კიდევ რამდენიმე პირობას აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად.

  • ხელისუფლების მიერ ევროკავშირის ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა
  • მედიის, ოპოზიციონერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმების გამოძიება
  • მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და ოლიგარქიული გავლენის აღმოფხვრა

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ გადაიდგმებოდა 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი, რომელიც ეხება რეფორმებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში და 2023 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო სამოქმედო გეგმა ამ ცხრა აუცილებელი ნაბიჯის განხორციელების შესახებ, 2024 წლის 26 მარტს კი, მთავრობამ მიიღო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა.


„გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე არ ასახავს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ მთავრობის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას. ეს მოვლენები ევროპულმა საბჭომ 2024 წლის 27 ივნისს განიხილა. დასკვნაში ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წარმოადგენს უკუსვლას კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციაში წარმოდგენილი ნაბიჯებიდან.


2024 წლის ივნისში მიღებული დასკვნების საფუძველზე, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი,“ - წერია დოკუმენტში.


რას სთავაზობს ევროკავშირი საქართველოს

„ვთავაზობ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირობო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი, რომლებზედაც ევროკავშირი არის დაფუძნებული,“ ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.


ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასული წლის 8 ნოემბერს გასცა.

გასული წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა იმ პირობით, რომ ქვეყანა რეკომენდაციებს შეასრულებდა.