თბილისში, პარლამენტთთან, სამი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან ერთად დემონსტრანტებმა სადგურის მოედნიდან რუსაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს.
პროტესტის მონაწილეებისადმი მიმართვისას ცნობილი გახდა, რომ ორშაბათობით მასშტაბური აქციები გაიმართება, ყოველდღიური აქცია კი, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. პირველი ასეთი შეკრება ხვალ, სპორტის სასახლესთან 14:00 საათზე დაიგეგმა.
დღევანდელი აქციის ბოლოს, ლიდერებმა პროტესტის მონაწილეებს ბარათაშვილის ხიდის პიკეტირებისკენ მოუწოდეს და ახლა პროტესტი სწორედ იქ ინაცვლებს.
მანამდე კი, აქციაზე შეკრებილებს „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ცუცქირიძემ გააცნო გეგმა.
- „ჯერ კიდევ თუ ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც არ სჯერა იმის, რაც მოხდა, ვინც ფიქრობს ჯერ კიდევ რომ სადმე სამართლიანად გაიმარჯვა „ოცნებამ“, ყველასთან უნდა მივიტანოთ, ვაჩვენოთ და გავაგებინოთ ის მანიპულაცია, გაყალბება, მაქინაცია, ის რუსული ომის გეგმა, რომელიც შეარულა ამ მთავრობამ. ეს არის ერთი მიმართულება.
2. მეორე არის ის, რომ მსოფლიო დემოკრატიულმა, ცივილურმა სამყარომ არ უნდა აღიაროს არჩევნების ის შედეგები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად მუშაობს პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე, სამოქალაქო სექტორი. ჯერ არ ყოფილა არც ერთი დემოკრატი ლიდერი, რომელიც მიულოცავდა ამ მთავრობას გამარჯვებას და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა.
3. მესამე არის ყველაზე მთავარი: მესამე ჩვენი ხმების, ჩვენი გზის მთავარი ღერძია - ეს არის წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა, გარეთ ყოფნა, არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან სადაც შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ბრძოლა აუდიტორიებში, ეს არის ბრძოლა ხელოვნებით, ეს არის ბრძოლა ყველგან, სადაც ადამიანებს შეგვიძლია, ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ: პარკებში, ავტობუსებში, გაჩერებებზე, წინააღმდეგობა.
სამოქალაქო დემოკრატიული წინააღმდეგობა არის ღერძი ამ ბრძოლის. თუ ჩვენ ვიქნებით ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენ ვიქნებით ათი ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით ასი ათასი, მეტი და მეტი, მაშინ ყველაფერი გამოგვივა, მეგობრებო.
მე მინდა, შეგპირდეთ ჩვენი გუნდის და ჩვენი თანამებრძოლების სახელით, ჩვენ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ბრძოლის წინა ხაზზე,“ განაცხადა ცუცქირიძემ.
თავის მხრივ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ „დიწყებენ წინააღმდეგობის მოძრაობას და გაშლიან წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში.“ ვაშაძის თქმით, ოპოზიციამ გაავრცელა ბარკოდი, რომლითაც მოქალაქეები ტელეგრამ-არხზე შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ.
გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
„1. ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას. 2. არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. 3. დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში. ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული. 5. ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც მოპარა ხალხს არჩევანი. 6. ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ეს არის ყველასი ერთად გასაკეთებელი საქმე. და ბოლოს, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი სლოგანი იქნება „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“.
„ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გთხოვთ გავაცნობიეროთ, ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ. ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად ახლა არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს.
ფარულობა არის დარღვეული. ჩვენი მთავარი სლოგანია, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“. რაც მთავარია, ვითხოვთ, „ქართული ოცნების“ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. რაც შეეხება ხვალინდელ შეკრებას, ვიცით, რომ შუადღის 2 საათზე შეკრება არის რთული, მაგრამ სამშობლო მარტო საღამოობით არაა ჩვენი, სამშობლო ჩვენია 24/7-ზე. გთხოვთ, მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ 2 საათზე წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან. ეს კვირა თბილისის მასშტაბით არის წინააღმდეგობის მსვლელობების კვირა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53,931%;-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა:
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ.
„მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.
27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლითაც მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“
ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“
28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას.
ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“
პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს.
28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.
ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო:
- „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.
შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა.
29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საპასუხოდ, პროკურატურას ურჩია, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.“
-
ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
-
რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე
-
როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს
-
ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას