ევროპელი ლიდერები ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ

ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. ამ დროისთვის ამერიკის პრეზიდენტად არჩევა ტრამპა შემდეგი ლიდერებისგან მიიღო:

NATO-ს გენერალური მდივანი: ახლახან დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მივულოცე. მისი ხელმძღვანელობა ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების საკვანძო ნაწილი იქნება. მოუთმენლად ველი მასთან ერთად კიდევ მუშაობას, რათა სიძლიერისა და NATO-ს მეშვეობით მშვიდობას ხელი შევუწყოთ.


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, გილოცავთ. მზად ვარ ვიმუშაოთ ერთად ისე, როგორც ამას ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით, თქვენი და ჩემი რწმენით, პატივისცემითა და ამბიციით, მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.


ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი: ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ავსტრიისთვის. ჩვენ მოუთმენლად მოველით ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და განმტკიცებას გლობალური გამოწვევების ერთად, წარმატებით გადაჭრისთვის.


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი: დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ვულოცავ. გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, რაც ოკეანის ორივე მხარეს კეთილდღეობასა და თავისუფლებას ხელს უწყობს. ჩვენ ამის გაკეთებას ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ გავაგრძელებთ.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი: არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვულოცავ! ევროკავშირსა და აშშ-ს მტკიცე და ისტორიული ალიანსი აკავშირებს. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას. ევროკავშირი სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად თავის კურსს გააგრძელებს, როგორც ძლიერი, ერთიანი, კონკურენტუნარიანი და სუვერენული პარტნიორი და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სისტემას დაიცავს.


ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლამა: ევროპა მზადაა, უპრეცედენტო გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ითანამშრომლოს. შევინარჩუნოთ ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირები, რომლებიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და ღია ბაზრებზე.


ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი: დონალდ ტრამპს გულთბილად ვულოცავ. ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე მოკავშირეები. ჩვენ ჩვენს ხალხებს შორის ჭეშმარიტი პარტნიორობა გვაკავშირებს, რომელიც 800 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს. მოდით, ერთად ვიმუშაოთ ძლიერი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგისთვის, რომელსაც მათთვის სარგებელი მოაქვს.


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში! მახსენდება ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულების გზები.


ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომისადმი გლობალურ საკითხებში. ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოახლოება. იმედი მაქვს, ჩვენ ამას ერთად განვახორციელებთ.


მოუთმენლად ველოდებით ძლიერი ამერიკის ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინისადმი შეერთებული შტატების განგრძობად ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას.


დაინტერესებულები ვართ, განვავითაროთ ორმხრივად სასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორივე ერისთვის. უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, ერთგულია ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით. მოუთმენლად ველოდები, რომ პრეზიდენტ ტრამპს პირადად მივულოცო და განვიხილო უკრაინის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები.


ტრამპს გამარჯვება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ „დონალდ ტრამპი ომებს დაასრულებს.“

„იმედი მაქვს, რომ თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაძლიერდება, რომ რეგიონული და გლობალური კრიზისები და ომები, განსაკუთრებით პალესტინის საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომი, დასრულდება,“ - წერს ერდოღანი სოციალურ ქსელში.

დემოკრატი გრუვერ კლივლენდის შემდეგ, ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელიც თეთრ სახლს ერთი ვადის გამოტოვებით, მეორედ დაიკავებს.