აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ.
თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილია ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, ყოფილი სამხედრო პიტ ჰეგსეთი. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მკაცრი და ჭკვიანი ჰეგსეთის ხელმძღვანელობით არმია ისევ დიადი გახდება და ამერიკა უკან არასდროს დაიხევს. პენტაგონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ „ყველა შოკირებულია.“
დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა დაასახელა. ის 2020-2021 წლებში ეროვნული დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დემოკრატები რეტკლიფს ბრალს სდებდნენ ტრამპის სასარგებლოდ საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მიზნით.
რეტკლიფის წარდგენისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის იყო სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი. ჰეგსეთის და რეტკლიფის კანდიდატურებს მხარი უნდა დაუჭიროს სენატმა, სადაც ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაიბრუნეს.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით იქმნება ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც ტრამპის აქტიური მხარდამჭერები, კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი და კონსერვატორი ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ. ვივეკ რამასვამი 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა იანვარში გამოაცხადა, რომ უარს ამბობდა ტრამპის სასარგებლოდ.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს ორი შესანიშნავი ამერიკელი გზას გაკვალავს სამთავრობო ბიუროკრატიის ლიკვიდაციის, ზედმეტი რეგულაციების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ.“
რაც შეეხება კიდევ ერთ პოზიციას, ტრამპა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მის სპეციალურ წარმომადგენლად, უძრავი ქონების დეველოპერი და კამპანიის დონორი სტივ ვიტკოფი შეარჩია. ასევე ცნობილია, რომ ტრამპში ისრაელში ამერიკის ელჩად არკანზასის ყოფილ გუბერნატორ მაიკ ჰაკაბის დანიშნავს, რომელიც ისრაელის მტკიცე მხარდამჭერად მიიჩნევა.
ახალი დეპარტამენტი თეთრ სახლთან ითანამშრომლებს და თავის სამუშაოს 2026 წლის ივლისამდე დაასრულებს. არჩევნებში კამალა ჰარისის დამარცხების შემდეგ, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. დღეს მას ბაიდენი თეთრ სახლში მიიიღებს.