პრეზიდენტმა საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანა დააანონსა და „კრიზისიდან გამოსვლის გეგმა“ წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ ხმის მიცემის ფარულობის უფლება დარღვეულია და ემიგრანტების საარჩევნო უფლებები უგულვებელყოფილია.


სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დაირღვა ასევე არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება - რომ საარჩევნო საჩივრები დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს განხილული. მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი, საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობოები და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.


„მოვისმინეთ არჩევნების შემაჯამებელი ოქმები, მაგრამ ახლა მინდა, წარმოგიდგინოთ არჩევნების შედეგების ჩემივე შეჯამება, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და როგორც დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რაზეც ალბათ, ცესკოს ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია.


ჩემი შემაჯამებელი შეფასება ამ შედეგების არის შემდეგი - პირველ რიგში, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ყველა სამართლის პრინციპებითა და სტანდარტებით, რაც არა ერთ კონვენციაში არის ასახული, გარანტირებული მთავარი უფლებები. ერთი არის ხმის მიცემის ფარულობა და მეორე - ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების ხმის მიცემის უფლებები იყო უგულებელყოფილი.


ამასთან ერთად, ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდნენ წინასაარჩევნო, არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება - საარჩევნო საჩივრები დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს მიერ იყოს განხილული.


ამავე დროს, არჩევნებს არ აღიარებს თავად პრეზიდენტი, არც ერთი ოპოზიციური პარტია და, მაშასადამე, არცერთი არ ცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ აღიარებს ამ არჩევნებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და აგრძელებს თავის სამართლიან პროტესტს.


არ აღიარებს ამ არჩევნებს სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ ამ არჩევნებს სამართლიანი და თავისუფალი უწოდონ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამი კვირა გავიდა და არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაცია.


პრეზიდენტის თქმით, პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს უწყობს ხელისუფლების პროპაგანდა. პრეზიდენტის თქმით, დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს.


„ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას სერიოზული საფრთხეები ემუქრება, ერთი ასეთი საფრთხე დესტაბილიზაციაა, რომელიც შეიძლება, ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას მოჰყვეს, რასაც ყოველდღიურად როგორც ვხედავთ, ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, ასევე მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე.


ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების ნაცვლად, იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს, ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით, კარზე გვიდგას.


როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ. ამიტომ, ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისიდან გამოსავლის გზა უნდა ერთად მოვძებნოთ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს შევთავაზე და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს თუნდაც, არსებულმა ხელისუფლებამ, როგორც ერთადერთი, სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი ამ არსებული მდგომარეობიდან,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


სალომე ზურაბიშვილი „ღრმა კრიზისიდან გამოსავლად ახალ არჩევნებს“ მიიჩნევს. პრეზიდენტი მთავრობას, საერთაშორისო თანამეგობრობას, საზოგადოებას კრიზიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს.


პრეზიდენტის თქმით, ახალი არჩევნების ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე: 1) საერთაშორისო გამოძიება; 2) 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რაც გულისხმობს იმას, რომ ვერ შედგება ახალი პარლამენტი.


  • „ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისისგან გამოსავლის გზა ერთად უნდა მოძებნოთ. უნდა შევთავაზო საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს არსებულმა ხელისუფლებამაც, როგორც ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი.

გეგმა როგორია, რას ვთავაზობ?! პირველი - ცხადია, ახალი არჩევნები. არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, რომ განმეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს ვადა თავისთავად დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას.


ერთი არის საერთაშორისო გამოძიება. არა იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, რომ არ შედგა არჩევნები და გაყალბდა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც გამოსასწორებელია, თუ გინდა, მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არაგაყალბებული არჩევნები.


საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და გზავნილებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო/ოდირის მოთხოვნები.


დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით. ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. ყველა ახალ ინსტანციებში არ არის გამორიცხული და სასურველია, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ უშალოდ ჩართულმი.


მეორე პუნქტი, 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება. რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება, შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისათვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, ახალ არჩევნებამდე იყოს მაქსიმალურად სტაბილური, ამიტომ, არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ. არავის აქვს დევნის მომენტი.


არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის, საზოგადოების ნება არ არის ასახული არჩევნებში და იმ პოლიტიკურ წყობაში, რომელიც მოჰყვება არჩევნებს. ამ გეგმაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, ეს არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი, რამდენადაც ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც არის სტაბილური და მშვიდობიანი იმისათვის, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან რყევების გარეშე გამოვიდეთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


  • პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ ურჩია, „კარგად დაფიქრდნენ.“

„ეს რაღაც თამაში, რომ მე გავხსნი ახალ პარლამენტს და დავნიშნავ მთავრობასო - ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. იყოს გასული პარლამენტი - 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. მე მგონი, უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა, ეს დავუტოვო საფიქრალად,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.


  • სალომე ზურაბიშვილს ხვალ, 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. პრეზიდენტის თქმით, საქმე ეხება კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას - ფარულობა და საყოველთაობა.

„ეს იმიტომ არ ხდება, რომ მე მჯერა საკონსტიტუციო სასამართლოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არა ერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ქვეყანაში არც ერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ არაფერი ვცადოთ და არ გამოვცადოთ. ესეც არის ჩემი სარჩელის მიზანი. ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე.


როგორი ქვეყანა მინდა და ვისთან ერთად მინდა და საითკენ უნდა წავიდეს. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი. მინდა, ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენ თავს, რომ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდეს რამდენიმე მოსამართლე მაინც, როგორც ერთმა მოსამართლემ გვაჩვენა, რომ შეძლებენ ისინიც, რომ გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში,” - განაცხადა პრეზიდენტმა.


  • ის მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ცხადია, მისი შეუგუებლობა და მისი პროტესტი უნდა გააგრძელოს.

„მინდა, მივესალმო ამ საღამოს ადამიანებს, რომლებიც იქ არიან და ალბათ, ღამეც იქნებიან ქუჩაში. სტუდენტებს მინდა პირველ რიგში მივესალმო, რადგან ისინი ნებისმიერ ქვეყანაში არიან პროგრესის ძალა, რომელსაც ქვეყანა მომავლისკენ მიჰყავს. მინდა, გითხართ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე, ჩემი ძალისხმევა არაფერი იქნება, რადგან ეს არის ამ გეგმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. რაც შეიძლება ყველაზე მშვიდობიანი და პოლიტიკურად ძალიან მყიფე პროტესტი არის აუცილებელი.


პოლიტიკურ პარტიებს შევხვდი და კიდევ ვაგრძელებ მათთან კონსულტაციებს, რომ გავაგებინო ამ გეგმაში მათი მონაწილეობა აუცილებელია, მე მგონი, ეს კარგად ესმით, რომ სხვა ვარიანტები არც არსებობს, ამაში უნდა ვიყოთ ყველანი ერთიანი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, შემჭიდროებულები. საერთაშორისო პარტნიორებთან, ლიდერებთან პრაქტიკულად ყოველდღიური საუბარი მაქვს ამ თემებზე, მათი მხრიდან ძალიან დიდი მოლოდინია იმის, რომ მხოლოდ ის კი არ ვუთხართ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც საკმაოდ კარგად ესმით, არამედ, როცა არჩევნები გაყალბდა, საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა ყოველთვის არის, რომ რაღაც გზა მოიძიოს, რომლითაც ქვეყანაში კრიზისი გადაწყდება. არავის აქვს სურვილი, რომ ახალი კრიზისი დაიწყოს, ამდენად, ასეთი გეგმა მათთვისაც მისაღებია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.