ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის განცხადებით, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა.
ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.
„სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად,“ აცხადებს საია.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა.
„დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი ფარულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტინით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე," - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სხდომაზე.
რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, მისი თქმით, სასამართლომ დააადგინა, რომ "იყო უმძიმესი დარღვევები", როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე.
„სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე, არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი,“ აღნიშნა მოსამართლემ.
მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური სუბიექტები არ ემსახურებიან მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მისი თქმით, მხარემ - სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც არ ესწრება დღევანდელ სხდომას, წარმოაჩინა, რომ მან თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოადგენაზე. ასევე გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სასამართლოს პატივისცემა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან.
მოსამართლის შეფასებით, ამომრჩეველმა გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის შეფასებების და ყოველგვარი სხვა მანიპულაციების გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და მას თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.
„დღევანდელ სხდომას არ ესწრება არცერთი მესამე პირი, რომელიც ჩართული იყო საოლქო კომისიებიდან და როგორც მხარემ აღნიშნა, „უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი,“ რაც სასამართლოსათვის ყოვლად მიუღებელია.
ასევე, მინდა, აღვნიშნო, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, აქაც შენიშნა სასამართლომ, რომ ძალიან ბევრი არ იყო გულწრფელი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვისთვის, როცა სხვა მასალები სხვანაირ ინტერპრეტაციას იძლევა.
შესაბამისად, ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლოს აქვს საკუთარი რწმენა და წარმოდგენა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და მინდა, ვუსურვო ყველას, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, რომ ყველა ჩვენგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და ყოველგვარი უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული. არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ, გამორიცხული,“ აღნიშნა მოსამართლემ და ხაზი გაუსვა, რომ ყველა მტკიცებულება სასამართლომ გამოითხოვა და რაიმე შუამდგომლობა და პოზიცია მხარეებს არ წარმოუდგენიათ.
ვლადიმერ ხუჭუას თქმით, გამოიკვეთა, რომ საარჩევნო პროცესში და ზოგადად კანონმდელობაში შეიძლება, არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, რაც მოითხოვს უფრო მეტ დახვეწას.
„მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს აღმოფხვრილი. ეს განსაკუთრებით შეხება საქმეში არსებულ წერილობით მიმოწერას, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია პირდაპირ წერილობით პირობას დებს, რომ საარჩევნო პროცესში სხვაგვარი საარჩევნო ბიულეტენები იქნება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს - ეს არის ჩვენი საარჩევნო უფლება, ეს არის ჩვენი მომავლის გადაწყვეტა და, აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არსებობდა, როგორც ფაქტობრივი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმები არ იძლეოდა ანონიმურობის გამორიცხვის შესაძლებლობას, და ასევე არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საარჩევნო კანონმდებლობა ცალსახად აძლევს საქართველოს მოქალაქეს გარანტიას, რომ მისი საარჩევნო უფლება იქნება დაცული და მისი არჩევნების ნების გამოხატვის ფარულობა იქნება გარანტირებული.
არავის აქვს ამის ხელყოფის უფლება, არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამასთან დაკავშირებით,” - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ