სახალხო დამცველი: როცა შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ იმყოფებოდა ის აქციის დაშლის დროს მელიქიშვილის გამზირზე.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ესწრებიან უშუალოდ ღონისძიებას. იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ აქციაზე არსებული ვითარება, ამას სჭირდება სრული სურათი. აქციაზე ყოფნა ამ სრულ სურათს ვერ უზრუნველყოს. იქ მხოლოდ ხედავ ერთ კონკრეტულ სივრცეს. ჩვენი თანამშრომლები ამას უყურებენ სოციალურ ქსელის საშუალებით, ტელევიზიით.


არაერთხელ გინახავთ, რომ თუ ჩვენი რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დროულად მოინახულონ, მე მივდივარ და ვხვდები დაკავებულებს. არ არის ახლა დაკავებულების ის რაოდენობა, რომ ჩემი მისვლა იყოს საჭირო,“ - აღნიშნა იოსელიანმა.


მისივე თქმით, მათი განცხადებები, ვინც სახალხო დამცველს მიმართავს ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იგზავნება.

„რაც შეეხება აქციას და აქციაზე დაკავებულ პირებს. ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავავრცელეთ. მას შემდეგ, რაც დაიწყო აქციაზე ადამიანების დაკავება და ამის შესახებ ცნობილი გახდა, მაშინვე დაიწყეს ჩვენმა წარმომადგენლებმა ამ ადამიანების მოძიება, გაემართნენ დაკავების იზოლატორებში და ყველა დაკავების შემთხვევაზე გვაქვს შესაბამისი საოქმო ჩანაწერი, რეაგირება. არამარტო დღეს, არამედ 2 დღის წინ დაკავებულებიც მოვინახულეთ. ვინც აცხადებს ძალადობის შესახებ და გვაწვდის ინფორმაციას, მათი განცხადებები გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შესაბამის უწყებებს.


რაც შეეხება მედიის მიმართ არსებულ საკითხს. არაერთგზის გამიკეთებია განცხადება, რომ ყველას უნდა მიეცეს თავისუფალ გარემოში საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა. დაუშვებელია მედიის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა და ხელისშეშლა. მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ჩვენ ვნახეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტები, რომლის შესახებაც ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. რა დოკუმენტაციაც შევკრიბეთ, გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, სახელმწიფოს გამოხატულ ძალადობას უნდა მოჰყვეს შესაბამისი მკაცრი და დროული რეაგირება, რომ სისტემური ხასიათი არ მიიღოს, რაც შეეხება ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ ძალადობას, სახელმწიფოს ადეკვატური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. არ უნდა დავუშვათ რომ მედიას ფიზიკური პირი იქნება, თუ სახელმწიფოს წარმომადგენელი ისეთი ძალადობა მიაყენოს, რომ ხელი შეუშალოს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში,“ - აღნიშნა იოსელიანმა.


სახალხო დამცველის თქმით, იმ დროისთვის, როცა შს სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში.


„სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც როგორც ცნობილია დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. (https://shorturl.at/3BLvg) სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა.


სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.


ამასთან, დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა 2024 წლის 16 ნოემბერს ასევე მოინახულა ცესკოს შენობის წინ დაკავებული სამი მოქალაქე. დაკავებული მოქალაქეებიდან ერთ-ერთმა მიუთითა რომ იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პოლიციის მხრიდან, ასევე, სამივე მათგანმა მიუთითა არაეთიკურ მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.


სახალხო დამცველის აპარატმა სამივე შემთხვევაზე განახორციელა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.


სახალხო დამცველის აპარატი შეახსენებს საზოგადოებას, რომ აპარატის ცხელი ხაზია - 1481, რომელიც მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს“, - აღნიშნული იყო მანამდე გავრცელებულ განცხადებაში.