თბილისში, გმირთა მოედანზე საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა.
პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „დღევანდელი დღეც შედგა“ და მხარდამჭერებს მოუწოდა, ხვალ, კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს ცხრა საათიდან შეუერთდნენ აქციას, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.
23 ნოემბრის აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო და გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვით გაგრძელდა. ესტაკადის ქვეშ, ორ ადგილას კარვები იყო გაშლილი.
ოპოზიციური პარტიები კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას და ღამისთევას აანონსებენ.
25 ნოემბრის დილას პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. პარლამენტს ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.