პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია

საქართველოს პრეზიდენტი 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არაკონსტიტუციურია.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმაცია.“


„მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემ შემცვლელად.

ჩემი მიმართვა განხილვის მოლოდინშია საკონსტიტუციო სასამართლოში," - წერს ზურაბიშვილი X-ზე.


ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც.


პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.


ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.