სასამართლომ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის ბრალდებით აღძრული საქმე დახურა

აშშ-ის სასამართლომ დახურა არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. მოსამართლე ტანია ჩუტკანმა სასწრაფოდ დააკმაყოფილა სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის შუამდგომლობა საქმის განხილვის შეწყვეტის შესახებ. სმიტმა ანალოგიურად მოითხოვა ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებების მოხსნა ფლორიდაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულია 2021 წელს საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო გამოყენებაში.


სპეციალურმა პროკურორმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მართალია, ბრალდების პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა გარემოებები და იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, საქმე უნდა დაიხუროს, სანამ ტრამპი ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, საქმეების დახურვის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ იმუნიტეტი დროებითია და ამოიწურება პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ.


სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი ხელმძღვანელობდა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ორი საქმის გამოძიებას. ერთი ეხებოდა ტრამპის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობას, ხოლო მეორე - საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის წესის დარღვევას.


დონალდ ტრამპი, რომელიც სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ სპეცპროკურორ ჯეკ სმიტს თანამდებობიდან გაათავისუფლებს. ამერიკული მედიის ცნობით, სმიტი გადადგომას თავად აპირებს.


78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.