საბერძნეთს NATO-სთან ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავება სურს. NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია, ევროკავშირმა გააძლიეროს თავდაცვა და შეიარაღების ინდუსტრია. შეხვედრის შემდეგ, NATO-სგენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ალიანსის იმ მექანიზმს, რომელიც წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეეხება.
„ჩვენ შევთანხმდით საერთო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე. ეს მოითხოვს ძლიერ თავდაცვის ინდუსტრიას, ინვესტიციებს და უფრო ეფექტიან თანამშრომლობას, ევროკავშირსა და NATO-ს შორის,“ - აღნშნა კირიაკოს მიცოტაკისმა. მასსა და რუტეს შორის გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ შეკავება და თავდაცვა. მათ შორის, თავდაცვის სფეროში ინვესტიციებისა და წარმოების გაზრდის გზით,“ - განაცხადა რუტემ შეხვედრის შემდეგ.
საბერძნეთმა ევროკავშირში წარადგინა საინიციატივო პაკეტი, რომელიც წევრი ქვეყნებისთვის, თავდაცვით პროექტებში ინვესტირებისთვის, უფრო მეტ სივრცეს შექმნის.
მწვავე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შემდეგ, საბერძნეთის მთავრობა ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს, მათ შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთან, რათა ქვეყანამ შეძლოს ანტისარაკეტო გუმბათის შექმნა.
საბერძნეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა. ის ყოველწლიურად, თავდაცვაში მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3 პროცენტს ხარჯავს. 2024 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ხარჯი თავდაცვის მიმართულებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 1.9%-ია, 326 მილიარდი ევრო.