ტრამპმა გადამდგარი გენერალი კით კელოგი უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით კელოგი უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად დაასახელა. მანამდე კელოგმა ტრამპს წარუდგინა უკრაინაში ომის დასრულების გეგმა.


კელოგი ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2017-2021 წლებში თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი და ამავდროულად, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მრჩეველი იყო უშიშროების საკითხებში.


„კითს აქვს გამორჩეული სამხედრო და ბიზნეს კარიერა, მას, მათ შორის, უმსახურია ეროვნული უშიშროების ძალიან საფრთხილო პოზიციებზე, ჩემს პირველ ადმინისტრაციაში," - წერს ტრამპი.


სააგენტო Reuters-ი ივნისში იუწყებოდა, რომ კელოგის მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს უკრაინის ფრონტის ხაზების გაყინვას და ზეწოლას კიევსა და მოსკოვზე, მოლაპარაკების მაგიდასთან დასასხდომად.


ამასთან, სააგენტო წერს, რომ კელოგი გამოდიოდა იდეით უკრაინელებისთვის ეთქვათ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არდასხდომის შემთხვევაში მათ შეუწყდებოდათ აშშ-ის დახმარება, ხოლო პუტინისთვის ეთქვათ, რომ მოლაპარაკებაზე უარის შემთხვევაში აშშ უკრაინას მისცემდა "ყველაფერს, რათ მათ სჭირდებათ თქვენს გასანადგურებლად ბრძოლის ველზე."


„უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან ხანგრძლივი ვადით მოიხსნებოდა. უკრაინას შესთავაზებდნენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც მოიცავს მის "კბილებამდე შეიარაღებას," - წერდა Reuters-ი.


გეგმა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც დაეფუძნება სამშვიდობო მოლაპარაკების პერიოდში არსებულ ფრონტის ხაზებს, რასაც, სავარაუდოდ, თავიდანვე წინაღობა შეექმნება, რადგან ეს სიტუაცია არცერთ მხარეს არ დააკმაყოფილებს.