გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის დივერსიულმა აქტებმა შეიძლება, NATO-ს მე-5 მუხლის ამოქმედება გამოიწვიოს

გერმანიის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოებთან რეალური სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას განაგრძობს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა 27 ნოემბერს, საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.


კალის თქმით, პირველ ეტაპზე რუსეთი შეეცდება განხეთქილების შეტანას NATO-ს წევრ სახელმწიფოებს შორის და კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შერყევას.

კერძოდ, რუსეთი განიხილავს ვარიანტს, როცა NATO-ს წევრი რომელიმე ქვეყნისთვის შექმნის ისეთ „საგანგებო სიტუაციას“, რომელზეც ალიანსის დანარჩენ წევრებს სათანადო რეაქცია არ ექნებათ.


კალმა მაგალითად მოიყვანა შესაძლო ხანმოკლე თავდასხმა ნორვეგიის არქიპელაგ შპიცბერგენზე, სადაც საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის უფლება აქვს რუსეთსაც. გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა კიდევ ერთ მაგალითად მოიყვანა რუსულენოვანი უმცირესობის დაცვის საბაბით რუსეთის შესაძლო კონფლიქტი ბალტიის ქვეყნებთან. დასავლეთის სამიზნეების წინააღმდეგ რუსეთის დივერსიულმა აქტებმა შესაძლოა, საბოლოოდ აიძულოს NATO, განიხილოს ალიანსის მე-5 მუხლის ორმხრივი თავდაცვის პუნქტის გამოყენება. კალმა ხაზი გაუსვა, რომ ის მოელის, მოსკოვი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის ჰიბრიდულ ომს.


„რუსეთის მიერ ჰიბრიდული ზომების ფართო გამოყენება ზრდის რისკს, რომ NATO საბოლოოდ განიხილავს მე-5 მუხლის ურთიერთდაცვითი პუნქტის გამოყენებას,“ - აღნიშნა კალმა.


ბრუნო კალის განცხადებით, თუ მსგავს შემთხვევებში არ ამოქმედდება კოლექტიური თავდაცვის შესახებ NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, როგორც თავდაცვით გაერთიანებას, კრახი ემუქრება და სწორედ ეს არის რუსეთის მიზანი.


გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთს 2030 წლისთვის ექნება საკმარისი რესურსები დასავლეთის სახელმწიფოებთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის.