კალაძე: თუ მანამდე უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, გახსნან

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუშინდელ პროტესტს, რომელიც მმართველი გუნდის განცხადებას მოჰყვა ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით, ცრუ უწოდა.


„არავის მიეცემა შანტაჟის შესაძლებლობა. გავიხსენოთ, არჩევნების წინ გაკეთებული თუნდაც ევროკავშირის ელჩის განცხადება, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ გამოიტანს „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონს", "მოლაპარაკებები არ გაიხსნება", "მოლაპარაკებები შეჩერებულია". მაშინ პრობლემა რა გახდა?! ეს არის ცრუ პროტესტი, ყველაფერი ტყუილი. რეალობაში რა ხდება, გვეუბნებიან, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში გაფართოება ვერ მოხდება.


კარგად გვესმის, რომ ყველა ქვეყანას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო, თუნდაც, ეკონომიკური განვითარება, ცხოვრების ხარისხი....ეს მშვიდობის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია, მიაღწიო ამ ყველაფერს თუ ეკონომიკური განვითარება არ გვექნება. თუ მშვიდობა არ გვექნება, ვერც ეკონომიკურ განვითარება გვექნება და ვერც წინსვლა.


2028 წლისთვის სხვა ეკონომიკური მაჩვენებელი გვექნება. ყველა პარამეტრით წინ ვიქნებით წასული. 2030 წლისთვის მზად ვართ, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გავხდეთ. თუ მანამდე უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ?! გახსნან, ვინ ამბობს ამაზე უარს?! ეს არ უნდა იყოს შანტაჟის იარაღი. არავის მიეცემა შესაძლებლობა ქართველი ხალხი დააშანტაჟოს.


დღეს კანდიდატის სტატუსის მიცემა - არმიცემის ინსტრუმენტის ნაცვლად აქვთ სხვა ინსტრუმენტი. ეს არის მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნა. აქ ვარ, პარტიის გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი ვარ, მოლაპარაკებების გახსნა გინდათ? გახსენი, მზად ვართ, ამას ვინ გიშლით?!


არავის მივცემთ უფლებას, ხალხი დააშანტაჟოს. ყველას მოგიწევთ, შეეგუოთ, რომ საქართველო არ არის ტერიტორია. საქართველო არის სამშობლო. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ კეთილი ინებონ და პატივი სცენ ქართველ ხალხს, კულტურას, ტრადიციას და წარსულს,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.


ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა.


პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული.

მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.